თსუ-ს სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება. როგორც ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, საქართველოში არ იმყოფება და წერილით შეეცდება საკუთარი აზრის გამოთქმას იმაზე, თუ რა პროცესებს დაუდო სათავე ლადო პაპავას რექტორობამ თსუ–ში.
„1. პირველად პოსტსაბჭოთა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მოხდა ის, რომ რექტორი თსუ–ში არ დანიშნულა მთავრობის ხელდასმით. მანამდე რექტორები ინიშნებოდნენ, სახელმწიფოს პირველი პირის პირადი წარდგენით, მოვალეობის შემსრულებლებად და მერე ხდებოდა მათი სრულიად ფორმალური, უკონკურსო „არჩევა“ აკადემიური საბჭოს მიერ. მოკლედ, ყოველთვის რექტორი იყო „მთავრობის კაცი“ და მის სამსახურში იდგა.
2. სტუდენტური თვითმმართველობა ყოველთვის იყო ხელისუფლების „საცეცი“ თსუ–ში, პრობლემებზე მოსაუბრრე პროტესტანტ სტუდენტებს ატერორებდა და თავად უსაზღვრო პრივილეგიებით სარგებლობდა. ჯილდოს სახით, სტუდენტური თვითმმართველობის მაღალ ეშელონებში მყოფები იღებდნენ სერიოზულ თანამდებობებს სხვადასხვა უწყებაში, თსუ ცენტრალური სტრუქტურებით დაწყებული, მინისტრთა კაბინეტით დამთავრებული. პაპავას მოსვლის შემდეგ სტუდენტურ თვითმმართველობას განსაზღვრული პრივილეგიები (მაგ., სავალდებულო პირდაპირი დაფინანსება) მოეხსნა და მისი როგორც „ხელისუფლების ახალგაზრდული უჯრედის“ სტიგმაც შესუსტდა (თუმცა, სამწუხაროდ, არ გამქრალა).
3. უნივერსიტეტის რექტორის სახელისუფლებო გავლენებისაგან გათავისუფლებას და სტუდენტური თვითმმართველობის სტიგმის შესუსტებას მოჰყვა პოზიტიური ძვრები უნივერსიტეტის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების და, ზოგადად, უნივერსიტეტის ავტონომიის გაძლიერების მიმართულებით. მაგალითად, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თსუ გაზეთის რედაქციის საქმიანობაში არავიან ერევა, სტატიები აღარ ექვემდებარება ცენზურას. ასევე, სტუდეტებმა და რექტორმა ღიად განაცხადეს თსუ-ში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის უკანონო არსებობის შესახებ, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ავტონომიის დაცვის მოთხოვნის თვალსაზრისით.
4. უნივერსიტეტი თანხებს ხარჯავდა მხოლოდ სწავლებაში, კვლევაში – თითქმის არასოდეს. ცხადია, თსუ პროფესორები კვლევებს აკეთებდნენ, მაგრამ ეს ხდებოდა ან პირადი ენთუზიაზმის ხარჯზე, ან უნივერსიტეტის გარეთ არსებული ფონდების დახმარებით. ბოლო ორი წელია ფაკულტეტებს კვლევაზე მნიშვნელოვანი თანხები გამოეყო თსუ ბიუჯეტიდან, შედგა კომისიები და პროექტები შეირჩა საკონკურსო წესით. რაც მთავარია, კვლევით პროექტებში სრულფასოვნად არიან ჩართულები სტუდენტები (პირველ რიგში – დოქტორანტები).
5. უნივერსიტეტის პროფესურა არასოდეს ყოფილა ანგარიშვალდებული, რომ პროფესორის სტატუსის (რომელიც სწავლებასთან ერთად კვლევასაც გულისმობს) შესატყვისი პროდუქტი შეექმნა და, ამდენად, დაესაბუთებინა საკუთარი პოზიტიური წვლილი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. შედეგად მივიღეთ ის, რომ თსუ პროფესორს შეუძლია წლების განმავლობაში ერთი სტატიაც კი არ დაწეროს, ერთი კვლევაც კი არ ჩაატაროს, ერთ კონფერენციაშიც კი არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა შეინარჩუნოს პროფესორის პოზიცია. თსუ-ში უკვე შემუშავდა მექანიზმი (ძალაში შევა 2017 წლის იანვრიდან), რომელიც ასეთ მავნე პრაქტიკას დაასრულებს. თსუ პროფესორი კონტრაქტით და გაწერილად აიღებს ვალდებულებას, რომ სწავლებასთან ერთად სხვა (კვლევით, სუპერვაიზორულ, ადმინისტრაციულ და ა.შ.) საქმიანობებსაც შეასრულებს და ამ ვალდებულების მიმართ სწორება მის თანამდებობრივ და ფინანსურ უზრუნველყოფაზე აისახება (აღნიშნული მექანიზმის ინიცირების მიმართ პირადად მე ცალკეული შენიშვნები მაქვს, რამაც მის სრულყოფას უნდა შეუწყოს ხელი, თუმცა ეს სხვა მსჯელობის საგანია).
ეს ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს. მე აღვნიშნე ის პოზიტიური ცვლილებები, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია და რაც ვლადიმერ პაპავას რექტორობის პირობებში განხორციელდა. ცხადია, თსუ-ის წინაშე ბევრი მოუგვარებელი პრობლემაა. რეფორმები შეიძლებოდა უფრო სწრაფი და მასშტაბური ყოფილიყო. თუმცა, იმის არდანახვა, რაც გაკეთდა, უსამართლობა იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მე ვერაფრით დავუჭერ მხარს ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნას, რადგან არსებობს მაღალი რისკი, რომ ეს დააზარალებს საერთო გარემოს თსუ-ში და სასიკეთო ძვრებს მოაშთობს",- აღნიშნავს იაგო კაჭკაჭიშვილი.