თბილისის საქალაქო სასამართლომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის შუამდგომლობით, დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, სხდომა დაიხურა და მას მხოლოდ მხარეები, მოსამართლე და ბრალდებულები ესწრებოდნენ. მიზეზად პროკუტრატურამ ის არგუმენტი დაასახელა, რომ საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ეხება.
ჯამალაშვილის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა, ფხალაძის ადვოკატი ნანა ფილაური - 3 000-ლარიან გირაოს, ხოლო პროკურატურა - პატიმრობას.
ჯამალაშვილს ბრალი 14 მარტს, გვიან ღამით წაუყენეს. ის ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ხოლო ადვოკატ ფხალაძეს ბრალად სსკ-ის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით.
ბრალდებაში „ქრონიკა +"-ს აღმასრულებელი რედაქტორი ელისო კილაძე ფიგურირებს. უფრო კონკრეტულად კი, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება „ქრონიკა +"-სთვის დეკემბერში გადაცემული პირადი ცხოვრების ამსხველ კადრებს ეხება. კილაძეს ამ მასალის გადაცემას გელა ღურწკაია სთავაზობდა, თუმცა, ჟურნალისტის თქმით, ის მხოლოდ შემსრულებელი იყო.
ადვოკატთა ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.