"ლიბერალის" კორესპონდენტის თქმით, ლადო პაპავამ განათლების სამინისტროში მიმდინარე შეხვედრა, რომელსაც აკადემიური საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, დაწყებიდან 10 წუთში დატოვა. მედიის წარმომადგენლებმა რექტორისთვის შეკითხვის დასმა ვერ მოახერხეს. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის თქმით, ლადო პაპავას სხვა შეხვედრაც ჰქონდა დაგეგმილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 12 წევრს და სენატის სპიკერ კახა ლორიას ხვდება. შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე განათლების მინისტრმა შეხვედრის დღის წესრიგთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა:
“ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რაზეც უშუალოდ საბჭომ უნდა იმსჯელოს. საბჭო არის ის ორგანო, რომელმაც უნდა ილაპარაკოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის თუნდაც რექტორის ყოფნის ან არ ყოფნის საკითხი. ეს არის საბჭო, რომელმაც დამოუკიდებლად, დემოკრატიული არჩევნებით აირჩია პაპავა. პრინციპში დღის წესრიგში გადაულახავ საკითხად ეს დგას. სავსებით ვიზიარებ პაპავას პირად გადაწვეტილებას, რომ ის ვალდებულია, დარჩეს უნივერსიტეტში და განმუხტოს სიტუაცია. თუმცა მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ იმ ორგანოს წარმომადგენლებსაც, რომლებიც ასევე ჩართული არიან ამ პროცესში და ვფიქრობ, რომ მათ ეკუთვნით გადამწყვეტი სიტყვა ამ საქმეში”, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.