Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფატუ ბენსუდას სტატია Guardian-ზე: რატომ იძიებს სასამართლო ომის დანაშაულს

24 მარტი, 2016 19:27

საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ The Guardian-ზე საქართველოში ომის დანაშაულის გამოძიების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სათაურით „რუსულ-ქართული ომი: რატომ იწყებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის დანაშაულის გამოძიებას". 

„ლიბერალი" სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა ჩემს ოფისს ომის დანაშაულების გამოძიების დაწყების უფლება მისცეს, რომლებიც, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთში 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოხდა.

კონფლიქტი რეგიონის სტატუსის შესახებ მზარდმა დაძაბულობამ გამოიწვია. შედარებით ხანმოკლე, თუმცა ინტენსიური დაძაბულობის პერიოდში, ასობით ადამიანი (მათ შორის მშვიდობისმყოფელები),  სავარაუდოდ, დაშავდა და მოკლეს, არის ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი და მასობრივად დაზიანებული საკუთრება.

ჩემმა ოფისმა ვითარების ანალიზი 2008 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც კონფლიქტი ჯერაც მიმდინარეობდა. გვინდოდა, დაგვედგინა, რამდენად შეესაბამებოდა მოცემულობა საერთაშორისო სს სასამართლოს გამოძიების იურიდიულ კრიტერიუმებს.

მათ შორის, უნდა დაგვედგინა, მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება და სამართლებრივი დევნა თავად ქვეყნების მიერ. რომის სტატუტით, რომლითაც ჩვენი საქმიანობა წარიმართება, განსაზღვრულია, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს არ შეუძლია გამოძიების წარმოება, თუკი საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნებში ეროვნულ დონეზე მიმდინარეობს.  

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ქართული და რუსული მხარე გამოძიებებს აწარმოებდა, თუმცა ბოლო პერიოდში, სამხრეთ ოსეთსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სუსტი უსაფრთხოების პირობების გამო, საქართველოში გამოძიება შეყოვნდა. 

ამდენად, გასული წლის მარტში ჩემს ოფისს საქართველოს ხელისუფლებამ გადაჭრით აცნობა, რომ „2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის ადგილობრივ დონეზე გამოძიების პერსპექტივა არ არსებობდა".

ამის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს ვთხოვე, გამოძიება ჩვენთვის მოენდო. 

ახლა სასამართლოს იურისდიქციით მტკიცებულებათა შეგროვებას დავიწყებთ იმ წყაროებისგან, რომელთაც სავარაუდო დანაშაულებთან აქვთ კავშირი. ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება შემდეგ ეტაპზე მოხდება. 

თუკი შეგროვებული მტკიცებულებები მოგვცემს საფუძველს დავიჯეროთ, რომ ადამიანმა ომის ანდაც კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა, შემდგომ ეტაპზე გადავალთ, რაც სს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებისადმი დაპატიმრების ორდერის მოსაპოვებლად, ეჭვმიტანილთა სასამართლოს წინაშე დაბარების ნებართვის მისაღებად შესაბამისი მოთხოვნით მიმართვას გულისხმობს. 

დამნაშავეთა პასუხისმგებლობა

ეს გამოძიება არ არის ჩარჩოში მოქცეული და არ ჰყავს კონკრეტული სამიზნეები. ეს არ არის გეოპოლიტიკის ან პოლიტიკური სხვაობების გადაჭრის საკითხი. იგი მიზნად არ ისახავს სამხრეთ ოსეთის სტატუსის დადგენას ან 2008 წლის აგვისტოში დაპირისპირების გამოწვევისთვის ვინმეს დადანაშაულებას.

ეს არის დამოუკიდებელი პროცესი, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გახსნას ისახავს მიზნად. 

ჩვენი მანდატი ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს. მიზანი ის არის, რომ სავარაუდოდ 2008 წლის ომში ჩადენილი კრიმინალური ქმედებებით დაზარალებულებისთვის სამართლიანობის აღდგენის ზომები გავატაროთ; პასუხი მოვთხოვოთ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებს, განურჩევლად მათი სტატუსისა, წარსულისა თუ ეროვნებისა. 

მე და ჩემი გუნდი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდით. თებერვალში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მისი კაბინეტის რამდენიმე წარმომადგენელთან შეხვედრის, ასევე სასამართლო დელეგაციის თბილისში წარმატებული ვიზიტის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

ჩემი ოფისი იმედოვნებს, კონფლიქტის ორივე მხარე წამოვა თანამშრომლობაზე. გვსურს, გავესაუბროთ ყველა შესაბამის ხელისუფალს, მოვინახულოთ სავარაუდო დანაშაულის ყველა ადგილი - ამისთვის მზად ვართ. ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის შესახებ დაპირებები მივიღე, საჯარო განცხადებებში დახმარების სურვილი სამხრეთ ოსეთმაც გამოთქვა. 

ენთუზიაზმით შევასრულებ ჩემს მოვალეობებს და იმედს გამოვთქვამ, რომ სხვა მხარეებიც ასევე მოიქცევიან. ამ საშინელ დანაშაულებათა მსხვერპლის მიერ განცდილი წამება მძიმედ უნდა დააწვეს ყველა ჩვენგანის სინდისს და გვიბიძგოს, ისე მოვიქცეთ, როგორც საჭიროა. დროა, სამართლიანობა აღდგეს".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^