კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ლესელიძის სკვერში ხეებს ტოტები კრწანისის გამგეობის გადაწყვეტილებით ჩამოაჭრეს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ეს მსუბუქი გადაბელვა იყო, რადგან ჩამოჭრილი ტოტები გამხმარი და დაზიანებული იყო. ამასთან, მოხდა ტოტების გასხვლა.
„როდესაც ასეთი ხის ტოტების შეჭრა კეთდება, რომელიც დაზიანებული და ამავროულად საშიშია, ამაზე ადგილობრივად ხდება გადწყვეტილების მიღება“ - უთხრეს „ლიბერალს“ მერიაში.
„პარტიზანი მებაღეები“ აცხადებენ, რომ გადაბელვითი სამუშაოები უკანონოა.
„გადაბელვა, საკრებულომ დაამტკიცა რომ უკანონოა და არ უნდა ხდებოდეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, რომელიც ახლა ლესელიძეზე ხდება დათვალიერების ოქმიც კი არ აქვთ” - წერენ აქტივისტები.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #6-22 დადგენილებით, გადაბელვა განსაკუთრებულ ღონისძიებათა სახეა, რომელიც „დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა”.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გადაბელვით ღონისძიებებს ნეგატიური შედეგები აქვს: „გადაბელვის ადგილებში წყდება საკვები მინერალებით მომარაგება; გადაჭრის ადგილებში კვდება ხის ქერქი და იწყება ლპობის პროცესი; წონასწორობა ფესვებსა და ხის ღეროს შორის ირღვევა, რაც იწვევს ფესვების კვდომას და ვითარდება სოკოვანი დაავადებები; გადაბელვის შედეგად ამოყრილი ტოტები ხასიათთებიან არამდგრადობით და ხდება მათი ხის ღეროსთან შეერთების ადგილებში გადატეხვა, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის გარემოს” - ვკითხულობთ საკრებულოს დადგენილებაში.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი შალვა მესხია ამბობს, რომ პარკში არა გადაბელვა, არამედ ერთ-ერთი განშტოების მოჭრა მოხდა, რაც შეიძლება, წვრილმანი დარღვევა იყოს.
„ლიბერალის“ კითხვაზე, მოხდა თუ არა ტოტების მოჭრა დარღვევით, მესხია ამბობს, რომ ეს სპეციალისტმა უნდა დაადგინოს და ადგილზე მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.
კრწანისის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ ჭრა ყველა წესის დაცვით მოხდა, ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს და მისი აუცილებლობა ხის მდგომარეობამ განაპირობა.
„კრწანისის რაიონის გამგეობა პატივს სცემს პარტიზანული მებაღეობის მზრუნველობას დედაქალაქში მწვანე ნარგავების მიმართ, თუმცა ვერ გაიზიარებს იმ ბრალდებებს, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩაზე, „ლესელიძის სკვერში“ ჩატარებულ ხის აგროტექნიკურ ღონისძიებას მოჰყვა. გვინდა განვმარტოთ, რომ სოფორას ჯიშის ხის დიდი ნაწილი იმყოფებოდა გამხმარ და ფაუტიან მდგომარეობაში და საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეებს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კერძოდ, გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ხის გამხმარი ტოტი ავტომანქანას დაეცა, მიმდინარე თვეს კი ვითარება უფრო დამძიმდა - ჩამოვარდნილი ტოტი მიმდინარე წლის 2 თებერვალს თავის არეში მოხვდა ტურისტს. გამხმარი ტოტების მოჭრის მოთხოვნით აღნიშნული ტერიტორიიდან არაერთი ზარი განხორციელდა. ზარი შესულია მერიის ცხელ ხაზზეც, რის საფუძველზეც მოხდა აქტირება (ხის კონტროლი). ის რომ, მოჭრილი ხის ფრაგმენტები არ იყო ჯანსაღი, თავად პარტიზანული მებაღეობის მიერ გადაღებულ ფოტოებშიც ნათლად ჩანს. კრწანისის რაიონში ბევრი ხეა სავალალო მდგომარეობაში, ვინაიდან მათ წლების განმავლობაში არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. დაავადებული და გამხმარი ხეების მიმართ კი შესაბამისი ღონისძიებების გატარებაა საჭირო" - აცხადებენ კრწანისის გამგეობაში.