
„მაგთკომის" მიერ „კავკასუს ონლაინს" საოპერაციო აქტივების შეძენაზე ორ კომპანიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
კომპანიების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ მემორანდუმით შპს „კავკასუს ონლაინთან“ მიღწეულია ექსკლუზიური შეთანხმება, რაც გულისხმობს შპს „კავკასუს ონლაინის“ მხრიდან ნებისმიერ სხვა მესამე მხარესთან მოლაპარაკების შეწყვეტას.
„მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს, შპს „მაგთიკომმა“ და შპს „კავკასუს ონლაინმა“ ერთობლივად მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მაგთიკომის მხრიდან კავკასუს ონლაინის აქტივების ნასყიდობის დასაშვებობის თაობაზე. კომისიისაგან შესაბამისი წინასწარი თანხმობა მიღებულია 2015 წლის 19 ნოემბერს.
ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება 2016 წლის 30 მაისამდე. აქტივების გადმოცემის, ანუ ინტეგრაციის პროცესი გასტანს რამდენიმე თვეს. მომხმარებლებს წინასწარ ეცნობებათ თარიღი, რის შემდეგ საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ ტელევიზიის და ფიქსირებულ ტელეფონიის მომსახურებას გაუწევს შპს „მაგთიკომი“, გადმორთვის პროცესი განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში." - ნათქვამია განცხადებაში.