„კახეთის საინფორმაციო ცენტრი" პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საჯარო მოხელეთა მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. ICK-ის განცხადებით, მსგავსი ფაქტების დაუსჯელობა ძალადობის გამოვლინების წამახალისებელი გახდება.
„კახეთის საინფორმაციო ცენტრის" განცხადებას „ლიბერალი" უცველელად გთავაზობთ:
ბოლო პერიოდში, კახეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური ხასიათი მიიღო საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიის გამოხატვის, მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, პროფესიული საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებმა.
კერძოდ, 2016 წლის 28 მარტს, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლუხუმ შეთეკაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს თამარ მოდებაძესა და ზაურ ზავრაშვილს, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თანამდებობის პირის გაღიზიანება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ამზადებდა სიუჟეტს ახმეტის მუნიციპალიტეტში კორუფციის კიდევ ერთ შესაძლო ფაქტზე, რომელშიც მაღალი ალბათობით თავად ლუხუმ შეთეკაურიც არის ჩართული.
განმარტების მიღების მიზნით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა ლუხუმ შეთეკაურს გამგეობის შენობაში, სამუშაო ოთახში მიაკითხეს, განუმარტეს რომ იყვნენ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან და რა საქმეზეც სურდათ კითხვებზე პასუხის მიღება. პირველივე კითხვას ასეთი პასუხი მოჰყვა:
„დავაი, დაახვიეთ აქედან. დაახვიეთ მეთქი, პროვოკატორი ხარ, ვიღაცა ხარ“, – ამ სიტყვებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოაძევა გამგეობის თანამდებობის პირმა სამუშაო კაბინეტიდან ჟურნალისტები. ვინაიდან ჟურნალისტმა კითხვების დასმა ოთახის გარეთაც გააგრძელა, ლუხუმ შეთეკაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორს ხელი დაარტყა, შემდეგ კი ოპერატორი ძალის გამოყენებით სხვა ოთახში შეაგდო და მისი ჩაკეტვაც სცადა, რომლის საშუალებაც მას ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა არ მისცეს.
ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
გარდა ამისა, 2016 წლის 19 მარტს, ახმეტაში, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შახვეტილას ადმინისტრაციულ ერთეულში ლაშა უძილაური, რომელიც ძლიერი სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიზანმიმართულად შეეცადა ავტომანქანა, რომელსაც თავად მართავდა, დაეჯახებინა საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსის, გელა შაშიაშვილისთვის. მომხდარის თაობაზე გელა შაშიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს აცნობა. პარალელურად, საინფორმაციო ცენტრების ქსელმა ინფორმაცია მიაწოდა შს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებსაც.
შს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმავე დღეს შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და ლაშა უძილაურს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 6 თვის ვადით შეუჩერეს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აგრესიის გამოვლენის ორივე ფაქტი პირდაპირ უკავშირდება კახეთის საინფორმაციო ცენტრის პროფესიულ საქმიანობას, კერძოდ კი ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის, გამგებლის ბექა ბაიდაურის, საკრებულოს და გამგეობის ცალკეული თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით კრიტიკული მასალების მომზადებას და გამოქვეყნებას, რომლებსაც, მიუხედავად დანაშაულის ნიშნების აშკარა არსებობისა, სამართალდაცვის ორგანოების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.
ეს აგრესია რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის პროფესიულ საქმიანობასთან არის პირდაპირ კავშირში, ამას მოწმობს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაგზავნილი 2015 წლის 1 სექტემბრის ოფიციალური წერილიც, რომლითაც გამგეობა სახალხო დამცველს პასუხობს, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯაროა, მაგრამ ამ მედიაორგანიზაციისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამო უარი განაცხადეს საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე. ეს დიკრიმინაციული ქმედებაც რეაგირების გარეშე დარჩა.
ჟურნალისტების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირთა აგრესიულ ქმედებებს ხელს უწყობს და ახალისებს კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის მტრული დამოკიდებულებაც კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიმართ. გუბერნატორმა, გასულ წელს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მისი ოჯახის უკანონო ბიზნესინტერესებზე ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი შანტაჟსა და ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა, მასალის გამოქვეყნებამდე კი მას გარიგებას სთავაზობდა. თითქმის ერთი წელია გუბერნატორი კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბოიკოტს უცხადებს.
დაუსჯელობის სინდრომი ბუნებრივად იწვევს უფრო მძიმე სამართალდარღვევებს და აძლიერებს სახელისუფლებო წრეებში კორუფციის რისკებს. აღნიშნულ შემთხვევებშიც დანაშაულებრივი ფაქტების იგნორირება უდავოდ წარმოადგენს ძალადობრივი ქმედებების გამომწვევ ერთ-ერთ მაპროვოცირებელ წინაპირობას.
საინფორმაციო ცენტრების ქსელი მოგმართავთ თხოვნით, როგორც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირს, - გამოიყენოთ ყველა ლეგიტიმური ბერკეტი და საშუალება, რათა ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირთა მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევები დროულად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული, ხოლო დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყველა ბრალეულ მოხელეს დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად.
ამასთან, გთხოვთ, უზრუნველყოთ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, თანაბარი ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე, მათ შორის თანამდებობის პირთა კომენტარებზე.