სახალხო დამცველის აპარატი ავტომობილ Hynday-ს სანაცვლოდ 105 500 ლარის ღირებულების Mercedes-Benz GLA-ს ყიდულობს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნულ ავტომანქანას ომბუდსმენის აპარატი გამარტივებული შესყიდვის წესით ყიდულობს, რაც ნიშნავს იმას, რომ უწყება პირდაპირ აფორმებს ხელშეკრულებას კომპანიასთან. ამ შემთხვევაში ომბუდსმენის აპარატმა ხელშეკრულება შპს „ავტო თრეიდ ინ-თან“ გააფორმა.
დოკუმენტის მიხედვით, Hynday 7 000 ლარით არის შეფასებული. ამავე ხელშეკრულებით, ფასთა სხვაობა ანუ 98 500 ლარის ანაზღაურება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 საბანკო დღეში უნდა განხორციელდეს.
2016 წელს გამოშვებული რუხი Mercedes-Benz-ის შესყიდვის ხელშეკრულებას ხელს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე აწერს.
როგორც „ლიბერალს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლება მათი რემონტისთვის გაწეული ხარჯის ზრდის გამო გადაწყვიტეს.
„მანქანაზე, რომელიც ჩანაცვლდა, არსებობს, ლევან სამხარაულის ბიუროს სპეციალური დასკვნა, მოხდა მისი შეფასება, დაანგარიშდა ყოველწლიური ხარჯი, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებელი იყო მისი ჩანაცვლება“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ომბუდსმენის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ შეჩერდა არჩევანი ასეთ ძვირადღირებულ ავტომანქანაზე, ბელთაძე ამას სახალხო დამცველის აპარატის წინაშე არსებული ამოცანების შეუფერხებლად შესრულების მოტივით ხსნის.
„გამოწვეული იყო აუცილებლობა და საჭიროება სწორედ სახალხო დამცველის შესახებ კანონის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს, რომ აპარატი აუცილებელია აღჭურვილი იყოს ტექნიკური საშუალებით, რათა მოხდეს უფლებამოსილების სრულად განხორციელება. აპარატი უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი ყველა შესაბამისი ტექნიკური საჭიროებით, რომ შეუფერხებლად შეძლოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება. ზოგადად თუ გადავავლებთ თვალს აპარატის აქტივობებს, მათ შორის რეგიონული ოფისების ზრდის ტენდენციას, ამავდროულად ახალი უფლებამოსილებების გაჩენას, ზოგადად თანამშრომელთა რიცხოვნობა და დაფარვის არეალი საკამოდ დიდია, შესაბამისად, ეს საჭიროება გამოწვეული იყო სწორედ აპარატის წინაშე დასახული ამოცანების შეუფერხებელი და სრულიად შესრულებისთვის“, - ამბობს ბელთაძე.
მისი თქმით, ვინ ისარგებლებს ახალი ავტომანქანით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.