სკოლამდელი განათლების 20-მდე სპეციალისტი მე-6 ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორის, თამარ ბაქრაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავენ თბილისის მერს დავით ნარმანიას, საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს, თემურ თორდინავას. წერილს „ლიბერალი” უცვლელად აქვეყნებს.
თამარ ბაქრაძე ერთ-ერთია ბაგა-ბაღების იმ დირექტორებიდან, რომლებიც მიმდინარე წლის მარტში გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.
თამარ ბაქრაძე თბილისის მე-6 ბაგა-ბაღს 9 წელი ხელმძღვანელობდა. აუდიტის დასკვნის საფუძველზე ის 21 მარტს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბაგა-ბაღმა ერთი წლის განმავლობაში 27 ათასი ლარით მეტი მოითხოვა და ეს თანხა ბავშვების კვებისთვის, სათამაშოებისა და საკანცელარიო ნივთებისთვის დახარჯა.
ქალაქ თბილისის მერს ბატონ დავით ნარმანიას,
ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს,
ქალაქ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს, ბატონ თემურ თორდინავას
მიმდინარე წლის 22 მარტს ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა მე-6 ბაგა-ბაღის დირექტორი, თამარ ბაქრაძე.
ჩვენ, ადრეული და სკოლამდელი განათლების დარგის სპეციალისტები საფუძვლიანად ვიცნობთ ამ სფეროს, როგორც პრობლემატიკას და მიმდინარე ტენდენციებს, ასევე, კონკრეტულად N6 ბაგა-ბაღის და ქალბატონ თამარ ბაქრაძის საქმიანობას.
ჩვენი ღრმა რწმენით, მე-6 ბაგა-ბაღში რეალურად ხორციელდება ის, რასაც თანამედროვე კვლევითი მტკიცებულებებითა და თეორიული პერსპექტივებიდან შეიძლება ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ეწოდოს: ბავშვის არჩევანი, ბავშვის განვითარების შესაბამისი პრაქტიკა, ინდივიდუალური მიდგომა, ინკლუზია, მშობლის მონაწილეობა, აღმზრდელის პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა. იმ დროს, როცა თბილისის ბაღების უმრავლესობა განიცდის განმავითარებელი სათამაშოების, წიგნების და სხვა მასალების დეფიციტს, მე-6 ბაღში ბავშვებისთვის შექმნილია მაღალი ხარისხის განმავითარებელი გარემო. ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან სწავლისა და განვითარებისთვის სათანადო პირობებით, საჭირო მასალებითა და მომსახურებით.
ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა თამარ ბაქრაძის პროფესიონალიზმის დამსახურებით, ადამიანისა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის არა მარტო ერთი ბაღის, არამედ საქართველოში სკოლამდელი განათლების სფეროს განვითარებაში. ის არის მონაწილე და თანაავტორი ყველა იმ სახელმძღვანელოსა და პროგრამის, რაც ბოლო წლებში შეიქმნა ამ დარგში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ შიდა აუდიტის არსებული დასკვნა არ წარმოადგენს თაბარ ბაქრაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკმარის საფუძველს. მიგვაჩნია, რომ მისი მუშაობის შეფასება მოითხოვს უფრო ღრმა ანალიზს; საკითხი განხილულ უნდა იქნას კომპლექსურად, სკოლამდელი განათლების სპეციალისტების მონაწილეობით. აგრეთვე, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას მშობლების აზრი.
მიგვაჩნია რომ სამართლიანი იქნება გადაიხედოს თამარ ბაქრაძის გათავისუფლების ბრძანება და ქალბატონი თამარი დაუბრუნდეს თანამდებობას.
31.03.2016
- თამთა კუხალეიშვილი, ფსიქოლოგი
- ნინო ალელიშვილი, სკოლამდელი განათლების სპეციალისტი
- ოლღა მუსხელიშვილი, სკოლამდელი განათლების სპეციალისტი
- მაჟენა რაფალსკა, საერთაშორისო კონსულტანტი ადრეული და სკოლამდელი განათლების საკითხებში, პოლონეთი
- ნინო ბერიანიძე, ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების უფროსი
- ია თოლომაშვილი, სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, საგარეჯო
- ნინო ფიფია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მეთოდისტი
- ანა კალანდაძე, ფსიქოლოგი, გარდაბანი
- ნინო ცინცაძე, საქართველოს პორტიჯის ასოციაციის ხელმძღვანელი
- ხათუნა დოლიძე, ილიას უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური ცენტრის ხელმძღვანელი
- ია აფთარაშვილი, ფილოსოფიის დოქტორი, თსუ ასისტენტ-პროფესორი
- შორენა ძამუკაშვილი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ასოცირებული პროფესორი.
- იმერი ბასილაძე, ქუთაისის უნივერსიტეტი
- ნელი ჭამპურიძე, სკოლამდელი განათლების ტრენერი.
- გიორგი მესხიძე, საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა
- ალექსანდრე კალანდაძე, სკოლამდელი განათლების პროგრამის კოორინატორი
- ნანა მაკარაძე, სკოლამდელი განათლების ტრენერი
- იაგორ ბალანჩივაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული
- პროფესორი, სკოლამდელი განათლების ტრენერი
- ნინო კერვალიშვილი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის ადამიანური
- რესურსების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი