
ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარის, გოგი თოფაძის ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა 2 აპრილს გაიმართება, სადაც სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელებენ.
„კოალიცია საკმაოდ რთული შესაკრებია, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ზოგიერთ პარტიებს სხვადასხვა ხედვა აქვთ. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ „რესპუბლიკელებს" და „მრეწველებს". არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს ძალიან პროქართული ორიენტაცია და ამას ისინი ვერ იზიარებენ", - ამბობს თოფაძემ და მაგალითად ერთნაირსქესიანთა ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვის საკითხს ასახელებს. თოფაძის შეფასებით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მიუღებელია ქართველებისთვის. მისივე თქმით, კიდევ იყო ბევრი სხვა საკითხი, რომელიც რეალური ურთიერთობის საშუალებას არ იძლეოდა.
„ჩვენ ვაყენებდით საკითხს, რომ კოალიცია შეიქმნას არჩევნების შემდეგ – ვინც გადალახავს ბარიერს, მერე შეიქმნას კოალიცია, როგორც ყველა ქვეყანაში ხდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ასე მოხდება. ვნახოთ. პრემიერ-მინისტრის განცხადება წავიკითხეთ, ზეგ გაიმართება პოლიტსაბჭო და ალბათ, სერიოზული კამათი იქნება თემაზე, როგორ გაგრძელდეს ჩვენი მუშაობა. ჩვენ ვართ მომხრე, ყველამ ცალკე ვიყაროთ კენჭი და მერე გავაკეთოთ კოალიცია", - განაცხადა გოგი თოფაძემ.