დღეს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, თბილისში ბაგა-ბაღების გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
კომიტეტზე გადაწყდა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბოლოოდ დაკომპლექტდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი შეისწავლის ბაგა-ბაღებში განვითარებულ მოვლენებს და შესაბამის დასკვნასაც გამოიტანს.
როგორც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ვანო კიღურაძემ აღნიშნა, თბილისის მერიიდან კომიტეტმა მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც, ისინი საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას მოითხოვდნენ, თუმცა კომიტეტმა აღნიშნული მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
თბილისის მერიის განცხადებით, აუდიტის სამსახურმა ბაგა-ბაღებში თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები გამოავლინა, რის საფუძველზეც რამდენიმე დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
მერიის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავდა, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ზედმეტად ჩამოწერა, საკვები პროდუქტისათვის მოთხოვნილი თანხის სააგენტოსთან შეუთანხმებლად სამეურნეო ხარჯის დასაფინანსებლად გამოყენება და სხვა.
ბაღის დირექტორები აუდიტის დასკვნის გასაჩივრებას გეგმავენ.