
შპს „სტუდია მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს. პარტნიორთა კრებამ 80%-ით 20%-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ზურაბ ნაყეურის კანდიდატურას. როგორც პარტნიორთა კრების დასრულების შემდეგ მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, ზურაბ ნაყეური დღესვე დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში. გვენეტაძის ინფორმაციით, მაკა ასათიანმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ნაყეურის დირექტორად დანიშვნის შესახებ.
„რადგანაც არ არსებობს წინააღმდეგობა და საშიშროება დავის, ზურაბ ნაყეური, სავარაუდოდ, დღესვე დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში და შეუდგება ვალდებულებების შესრულებას. მაკა ასათიანმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, რადგანაც დღეს საჭიროა მენეჯერი, ვინც „მაესტროში“ არსებულ ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს“, - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.
ძმებმა გაჩეჩილაძეებმა და მაკა ასათიანის მხარემ, ნაყეურის დირექტორად დანიშვნას მხარი დაუჭირა. როგორც „ლიბერალთან" საუბრისას გიორგი გვენეტაძე ამბობს, ნაყეურისთვის მხარი არ დაუჭერია მამუკა ღლონტს და ეკა აკობიას.
„ლევან გაჩეჩილაძემ განცხადება გააკეთა და გადადგა „სტუდია მაესტოს" დირექტორობიდან, შემდეგ კი გია გაჩეჩილაძემ მხარი დაუჭირა ნაყეურის კანდიდატურას", - განაცხადა გვენეტაძემ.
„დავა ცუდად მოქმედებდა „მაესტროზე", მათ შორის ჟურნალისტებზე. შესაბამისად, „მაესტროს“ ინტერესებიდან გამომდინარე, მაკა ასათიანმა და გია გაჩეჩილაძემ, ეკა აკობიას ინიციატივით დაიწყეს მოლაპარაკება და შეთანხმდენენ პრინციპულ საკითხზე, რომ „მაესტროს“ დირექტორად ყოფილიყო შეთანხმებული კანდიდატურა“, - აცხადებს „ლიბერალთან“ საუბრისას გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია.