სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები თბილისის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს განცხადებით მიმართავენ, რომელსაც „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველში სკოლამდელ ინკლუზიურ განათლებას ხანგრძლივი ტრადიცია არა აქვს, თუმცა რამდენიმე გამორჩეული ბაგა-ბაღისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მუშაობის შედეგად, ეს მიმართულება თბილისში მდგრადად ვითარდებოდა.
მართალია, დღეს საქართველოს ყველა ბაგა-ბაღს აქვს ვალდებულება, მიიღოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელი, მაგრამ, მიუხედავად სასიკეთო ძვრებისა და სახელმწიფოს მზაობისა გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღეს თბილისის ბაგა-ბაღების უმრავლესობაში არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა ინკლუზიური განათლების მიმართულებით. ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურასა და ფიზიკურ გარემოს, ასევე კადრების კვალიფიკაციას, თუ საგანმანათლებლო რესურსებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა თემი, ყოველთვის ვაწვდით ერთმანეთს ინფორმაციას და ვუზიარებთ გამოცდილებას ამა თუ იმ სერვისისა და ბაგა-ბაღების შესახებ. ყოველთვის, როდესაც ვუწევთ რეკომენდაცას მშობლებს, რომელთაც ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა და წინააღმდეგობა აქვთ ქვეყანაში, დაწყებული ადრეული განვითარების პროგამის არასაკმარისი რაოდენობისა, ძირითადად სარეკომენდაციო ბაღების სიაში, სწორედ 215, 83 და მე-6 ბაგა-ბაღები ხვდებიან, რომელთა დირექტორებიც აუდიტის დასკვინის საფუძველზე, გაათავისუფლეთ.
იმის ნაცვლად, რომ ეს ბაგა-ბაღები, როგორც ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ფლაგმანები, სამოდელო ბაღებად გექციათ და თამარ ბაქრაძის, ეკა გვრიტიშვილის და ხატია ლაშქარაშვილის ინტელექტუალური რესურსი სხვა ბაგა-ბაღების დირექტორების გადამზადებისა და მხარდაჭერის საქმეში მიგემართათ, თქვენ ისინი სკოლამდელი განათლების სფეროს საერთოდ ჩამოაშორეთ.მოვითხოვთ, დაუყონებლივ შეისწავლოთ თითოეული მათგანის დამსახურება და საქმე, შეგვხვდეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობელთა თემს და მხოლოდ ჩვენთან შეთანხმებითა და კონსულტაციის გზით გააკეთოთ სამართლიანი და ღირსეული დასკვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავატარებთ დამოუკიდებელ გამოძიებას, გამოვითხოვთ აუდიტის შესაბამის დასკვნებს, საჯარო ინფორმაციის სახით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მივმართავთ სასამართლოს და გამოვიყენებთ პროტესტის ყველა ფორმას.
ქვეყანა, რომელმაც მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, რომლის ერთერთი რეკომენდაცია სწორედ სკოლამდელ სააღმზრდელო განათლებას უკავშირდება, იმ პროფესიონალ კადრს, რომლებისც ამ მიმართულებით სამაგალითოდ მუშაობენ, დაუფიქრებლად და საქმის დეტალური შესწავლის გარეშე არ უნდა ათავისუფლებდეს.
ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ, ხელი შევუწყოთ სკოლამდელ განათლებას და ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარებას, რათა მომავალში უზრუნველვყოთ ჯანსაღი, დამოუკიდებელი და რეალიზებული საზოგადოების არსებობა ქვეყანაში, რაც ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია", - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების გაერთიანება „მოძრაობა ცვლილებებისთვის“; დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი „ჩვენი ბავშვები“ და მშობელთა საინფორმაციო ცენტრი - PIC-ი.