ანი სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სარჩელი სასამართლომ დააკამყოფილა. როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას სუბელიანი აცხადებს, დღეს სასასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ სამსახურიდან მათი გათავისუფლება უკანონო იყო.
მისი თქმით, მათი მოთხოვნა სამსახურში აღდგენა და კომპენსაცია იყო, თუმცა სასამართლომ ხელფასის მხოლოდ რამდენიმე თვის აღდგენა დააკმაყოფილა. სუბელიანი ამბობს, რომ აღნიშნულს გაასაჩივრებენ.
„ყველა თვე უნდა დააკმაყოფილოს და ამისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენი მოთხოვნა კანონიერია. დღემდე მისაღები ხელფასი მთლიანად აგვინაზღაურდეს და აღვდგეთ პოზიციებზე“, - ამბობს ის.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ანი სუბელიანი ამბობს, 2014 წლის იანვარში Facebook-პოსტების გამო დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს. სუბელიანი მისი და თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივით ხსნის.
„ჩვენს გათავისუფლებას წინ უძღოდა ბევრი ფაქტორი, მთელი ერთი წლის განმავლობაში, რაც თეა წულუკიანი გახდა მინისტრი, ძალიან ბევრი უსამართლობა ხდებოდა ჩვენს თვალწინ. ბოლო წერტილი იყო ის, რომ ჩვენი უფროსი სრულიად უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ისევ მინისტრის შეცდომის გამო. ეს გავაპროტესტეთ მე და ერთმა თანამშრომელმა, ამ საკითხზე გვქონდა პოსტები პირად Facebook-გვერდებზე, რომელიც იყო ემოციური, მაგრამ კონკრეტული პირი არ იყო მითითებული, თუ ვის ეძღვნებოდა ეს პოსტები, მაგრამ ბუნებრივია, მიხვდნენ.
შემდეგ დაგვიბარა წულუკიამნა, მაგრამ ჩვენ თბილისში არ ვიყავით და ვერ მივედით, თუმცა ჩვენი თანამშრომლები მივიდნენ მასთან. წულუკიანმა თანამშრომლებთან გვლანძღა, „ნაციონალების ძლოკვები“ და „წინა მთავრობის გადმონაშთები“ გვიწოდა. შემდეგ გენინსპექციის წარმომადგენელს გადასცა ეს პოსტები და სთხოვა რეაგირება. ამის შემდეგ, თვე-ნახევრის განმავლობაში, ახალი დირექტორი ცდილობდა, რაღაცნაირად გავეთავისუფლებინეთ ან დავეთანხმებინეთ იმაზე, რომ თვითონ დაგვეწერა განცხადება, ბოლოს კი რეორგანიზაციის საფუძველზე გამოგვიშვეს“, - ამბობს სუბელიანი.
როგორც სუბელიანი ამბობს, როდესაც მათ სარჩელი შეიტანეს, შესაგებელში მოპასუხე გათავისუფლების მიზეზად ახლა უკვე ასახელებდა იმას, „ისინი არ იყვნენ კარგი მენეჯერები და ამიტომ გაათავისუფლეს“.