მიმდინარე წლის ივლისში პედაგოგთა საგნობრივი გამოცდები ახალი ფორმატით გაიმართება. პედაგოგები სწავლების მეთოდიკის საკითხებს არ ჩააბარებენ. აღნიშნული საკითხები ტესტის დაახლოებით 30%-ს შეადგენდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფო დოლიძე განმარტავს, რომ ცვლილების თანახმად, პედაგოგები ჯერ შესაბამის ცოდნას მიიღებენ სწავლების მეთოდიკის შესახებ, შემოწმება კი შემდგომში მოხდება.
პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა წელიწადში ორჯერ ტარდება, ზამთარსა და ზაფხულში.
მისი თქმით, უკვე პროფესიაში მყოფ მასწავლებლებს სახელმწიფო ხანმოკლე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს შესთავაზებს.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც მასწავლებლის პროფესიის დაწყება სურთ, შესაძლებლობა მიეცემათ, მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი (60-კრედიტიანი) საუნივერსიტეტო პროგრამები გაიარონ, რაც მათ პროფესიული და მეთოდური ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.
მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამის კურსდამთავრებულები სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.
მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეუძლიათ ბაკალავრის, მაგისტრისა და მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას. ამ ეტაპზე უკვე აკრედიტებულია 13 უნივერსიტეტის პროგრამა, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან მიიღებენ მასწავლებლობის მსურველებს.
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა მსურველის მხრიდან შესაბამის საგანში გამოცდის ჩაბარება, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. საგნის გამოცდის ჩასაბარებლად, დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია ელექტრონულად 12 აპრილის ჩათვლით უნდა გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge. პარალელურად, მათ რეგისტრაციის გავლა საგანმანათლებლო რესურსცენტრებშიც მოეთხოვებათ.
დაფინანსება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული კვოტების შესაბამისად მოხდება. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტზე შესაბამისი სერტიფიკაცი გაიცემა, რომელიც ადასტურებს მის სამასწავლებლო კვალიფიკაციას და აძლევს მასწავლებლობის უფლებას.