3 აპრილს კავკასიურ სახლში, "თვითორგანიზების ქსელის" ორგანიზებით, ტყიბულელმა მეშატხეებმა გაფიცვის დეტალები გაიხსენეს, ისაუბრეს ტყიბულში მშრომელების მდგომარეობაზე და მომავალ გეგმებზე. ერთ-ერთი საკითხი გაფიცვის შემდეგ დადებულ ხელშეკრულებას ეხებოდა, რომელიც ხელფასების 7%-იან მატებასთან ერთად, მეშატხეებისთვის შრომის პირობების გაუმჯობესებას გულისხმობდა.
გაფიცვის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორები ოთხი დღის განმავლობაში ტყიბულის ორ - ძიძიგურის და მინდელის შახტაში იმყოფებოდნენ. რეკომენდაციები, რომელიც კომპანიას უკვე გადაეგზავნა, კონფიდენციალურია, ამიტომ ცნობილი არაა, კონკრეტულად რა სახის დარღვევები აღმოაჩინა დეპარტამენტმა ტყიბულში. თუმცა, მეშახტეებმა კავკასიურ სახლში აღნიშნეს, რომ მართალია, მონიტორინგის პროცესში ჯანდაცვის წარმომადგენლებმა რამდენიმე მეშატხე გამოკითხეს, თუმცა შემოწმების პროცესში მათი არც ერთი წარმომადგენელი ჩართული არ ყოფილა და მათ მხოლოდ ადმინისტრაციის თანამშრომლები და უბნის უფროსები დაყვებოდნენ.
რუსლან ბუცხრიკიძემ, მეშატხეთა საგაფიცვო კომიტეტის წევრმა ძიძიგურის შატხაში მონიტორების ვიზიტის დღე გაიხსენა:
“ჩემი ცვლის დროს შატხაში რომ ჩავედი, მითხრეს, რომ დღეს სახალხო ვაგონი არ იქნებაო. ელმავლები გადამალეს იმის გამო, რომ მოუწესრიგებელია და ამის მონიტებისთვის ჩვენება არ უნდოდათ. სამუშაო ლოკაციამდე დაახლოებით 3 კილომეტრის ფეხით გავლა გვიწევს ხოლმე, ამიტომ როდესაც გზას გავუყევი, წინა ცვლის მუშები შემომხვდნენ. გადავწყვიტეთ, წავსულიყავით და გვენახა დეპარტამენტის თანამშრომლები. მივედით და ვკითხეთ, რატომ არ დაინტერესდნენ ელმავლის მუშაობის საკითხით და მაშინ როცა ჩემი სამუშაო ცვლა უკვე დაწყებული იყო, ფეხით ამხელა მანძილის გავლა რატომ გვჭირდებოდა. მხოლოდ ჩვენი შეკითხვის შემდეგ გვითხრეს, ელმავლის საკითხს აუცილებლად ჩავწერთ დასკვნაშიო”, - აღნიშნა რუსლან ბუცხრიკიძემ. მისივე განმარტებით, შატხაში რამდენიმე ზონა განსაკუთრებულად რთულია, რომლის შემოწმებაზეც მონიტორებმა დაახლოებით ერთი საათი დახარჯეს.
“კითხვები ისევ მე არ უნდა დამებადოს, თუ რა დარღვევები არსებობს იმ საწარმოში, სადაც ყოველდღიურად ჩვენ, მუშები ვართ საფრთხეში. ამიტომ, თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორებს უნდა ჰქონოდათ სურვილი, თითოეული ზონა ჩვენს წარმომადგენელთან ერთად შეემოწმებინათ და მეტი ინფორმაცია მიეღოთ. ადმინისტრაცია ზის ოფისში, ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც უშუალოდ შახტებში მუშაობს”, - ისაუბრეს მუშებმა შეხვედრაზე.
“ლიბერალი” შრომის უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ელზა ჯგერენაიასა და ერთ-ერთ მონიტორს მონიკა ჭანიას შახტების შემოწმების დეტალებზე ესაუბრა.
მონიკა ჭანიას თქმით, ძიძიგურისა და მინდელის შახტებში 13 მონიტორი ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, დღეში დაახლოებით 7-საათიანი შემოწმების შედეგად მონიტორებმა მოამზადებს 40-გვერდიანი დასკვნა, რომელიც “ჯი-აი-ჯი ჯგუფს” უკვე გადაეგზავნა და მას დამსაქმებელმაც ხელი მოაწერა:
“ჩვენ მაქსიმალურად ვიყავით დაინტერესებულები, რომ გამოგვეკითხა როგორც დამსაქმებელი, ასევე დასაქმებული. ამიტომ, მეშატხეებთან ინტერვიუირების შედეგად გამოკითხვის 15 ეგზემპლარი მოვამზადეთ. აქაა გაწერილი ყველა ის დეტალი, რომელიც შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას ეხება”, - აღნიშნა მონიტორმა.
რაც შეეხება კომპანიის მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს, ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ სამ თვეში ისევ შეამოწმებენ საწარმოს, თუმცა გარკვეული ვალდებულებების შესრულებას დრო და ფინანსები სჭირდება:
“მონიტორებმა დააფიქსირეს ისეთი დარღვევებიც, რომლის გამოსწორებას კომპანიის მხრიდან დიდი დრო და სერიოზული ფინანსები სჭირდება, ამიტომ ჩვენი მხრიდან ამის კონტროლი დაიწყება სამ თვეში, თუმცა გარკვეულ ნაწილში, ეს მოხდება ეტაპობრივად”, - ამბობს შრომის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელზა ჯგერენაია.
ვიდეო1: რუსლან ბუცხრიკიძე გაფიცვის დეტალებზე საუბრობს