„ლიბერალი“ გამომცემლობა „არტანუჯთან" ერთად პროექტ „ლიბერალის ბიბლიოთეკის“ მეორე წიგნს - ლევან ბერძენიშვილის „წიგნიერების ევოლუციას“ გამოსცემს.
წიგნში თავმოყრილია 2014-2015 წლებში ჟურნალ „ლიბერალში“ გამოქვეყნებული ლევან ბერძენიშვილის წერილები და დამატებით 10 წერილი, რომელიც ავტორმა სპეციალურად „წიგნიერების ევოლუციისთვის“ დაწერა.
ლევან ბერძენიშვილი „წიგნიერების ევოლუციის“ შესახებ მკითხველს თავად უყვება:
„ეს წიგნი იმაზეა, რომ კითხვა სასარგებლოა. კითხვა უბრალო საქმე არ არის. არ არსებობს კითხვაზე უფრო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა, რომელსაც ადამიანის გონების, წარმოსახვის, თვალსაწიერის გაფართოება/განვითარება შეუძლია.
კარგი მკითხველები გაცილებით უფრო მდიდარი და ფერადოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ, ვიდრე ადამიანები, რომლებიც არ კითხულობენ. ფსიქოლოგებმაც ხომ დაადგინეს, რომ კითხვა, წარმოსახვითი სამყარო, ზუსტად იმ გავლენას ახდენს ადამიანის ნევროლოგიურ სისტემაზე, რასაც რეალური სამყარო - როდესაც პერსონაჟი განსაცდელშია და ამის შესახებ ვკითხულობთ, ეფექტი იგივეა, ჩვენ, მკითხველები თავად რომ აღმოვჩენილიყავით ამ განსაცდელში.
თქვენი წიგნები არავის უნდა მისცეთ, თორემ მათ ვეღარ იხილავთ - ხუმრობდა ანატოლ ფრანსი, - ჩემს ბიბლიოთეკაში მხოლოდ ის წიგნები დარჩა, რომლებიც სხვებს გამოვართვი წასაკითხადო; დეკარტი კი ამბობდა, კარგი წიგნების კითხვა წარსული დროის საუკეთესო ხალხთან საუბარია, თანაც ისეთი საუბარი, როდესაც ისინი, მხოლოდ საუკეთესო აზრებს გვიზიარებენო“.
წიგნი თავდაპირველად 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სპეციალურ ფასად, 10 ლარად გაიყიდება, შემდეგ კი ყველა წიგნის მაღაზიაში იქნება ხელმისაწვდომი.
წიგნის პრეზენტაცია და ავტორთან შეხვედრა მოგვიანებით, მაისში გაიმართება.
„ლიბერალის ბიბლიოთეკის“ პირველი წიგნი, აკა მორჩილაძის „ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს“ 2015 წლის მარტში გამოიცა და ქართველ ავტორებს შორის 2015 წლის ბესტსელერად დასახელდა.