რამდენად ენდობა მოსახლეობა საზოგადოებრივი აზრის კვლევებს? რა იწვევს პოლიტიკოსების მიერ ჩატარებული კვლევებისადმი უნდობლობას? არის თუ არა საკმარისი კვლევები, რომლებიც საქართველოში ტარდება და რას გვეუბნება ისინი მოსალოდნელი არჩევნების შესაძლო შედეგების შესახებ? - ამ და სხვა საკითხებზე 14 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთბების კვლევის ფონდის ორგანიზებით და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე - „წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობა საქართველოში" ისაუბრეს.
CBS news-ის კვლევების ყოფილი დირექტორი, საზოგადორბრივი აზრის კვლევის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი კეტლინ ფრანკოვიჩი ამბობს, საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევა სათანადო რაოდენობით არ ტარდება. იგი ამ თვალსაზრისით საქართველოს აშშ-ს ადარებს, სადაც, მისი თქმით, წინასაარჩევნოდ გამოკითხვა თითქმის ყოველდღიურად ტარდება.
„გამოკითხვების თვალსაზრისით, საქართველოსა და აშშ-ს შორის დიდი განსხვავებაა. საქართველოში ამას ასეთი დიდი ისტორია არ აქვს. აშშ-სგან განსხვავებით, სადაც სატელეფონო და ონლაინგამოკითხვები ტარდება, აქ მხოლოდ პირისპირ ინტერვიუებს იყენებენ რეპრეზენტატული კვლევისთვის, რაც მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული. თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ პასუხის მიღების მაჩვენებელი აქ უფრო მაღალია“ - ამბობს ფრანკოვიჩი.
იგი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თვალსაზრისით 2012 წელს წამოჭრილ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში 3 გამოკითხვა ჩატარდა, თუმცა არჩევნების შედეგებს არც ერთი მათგანი არ დაემთხვა.
NDI-ს მიერ საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ორგანიზაცია მმართველი გუნდის კრიტიკის ობიექტი გახდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აღნიშნავდა, რომ „NDI-ის არც ერთი რეიტინგული პოლიტიკური გამოკითხვა არ შეიძლება მივიღოთ, როგორც რეალური".
NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ როდესაც პოლიტიკოსებისთვის გამოკითხვის შედეგები მოსაწონია, ისინი კვლევას ვალიდურად მიიჩნევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - პირიქით. მისი თქმით, დამოუკიდებელი გამოკითხვები საკმარისი რაოდენობით არ ტარდება.
კიდევ ერთი თვალშისაცემი შედეგი, რომელიც NDI-ს ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა რაოდენობის 10%-ით კლება იყო.
თორნტონი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა შემცირებას ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოს შესახებ დადებით ანგარიშს უკავშირებს.
„ლიბერალის" შეკითხვას - ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა 10%-ზე მეტით შემცირდა, თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს? ხომ არ შეცვლილა მეთოდოლოგია? - თორტონი პასუხობს:
„ვერ გეტყვით, ასე რატომ მოხდა, მხოლოდ შემიძლია, ვიფიქრო, ვიზალიბერალიზაციის დადებითი ანგარიშის [დეკემბერში] შედეგი შეიძლება იყოს, თუ როგორ უყურებს მოსახლეობა ვიზალიბერალიზაციის პროცესს. ეს არჩევანია - ევროკავშირის წევრობა გსურს, თუ ევრაზიული კავშირის. მჯერა, რომ დეკემბერში გამოქვეყნებულმა ანგარიშმა იქონია გავლენა. მეთოდოლოგიაში ცვლილება არ მომხდარა. კითხვა ზუსტად იმავენაირადაა დასმული“.
კვლევების შედეგების მაქსიმალური სიზუსტის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა „CRRC საქართველოს“ დირექტორმა, კობა თურმანიძემ.
მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში პრობლემა მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის არცოდნაც იყო, რაც გავლენას კვლევის დროს შერჩევასა და განზოგადებაზე ახდენდა.
„თუ ჩვენ არ ვცით რამდენი ვართ, სიზუსტეც ნაკლებია“ - ამბობს თურმანიძე.
კომპანია ACT-ის დირექტორი რუსუდან თელია ამბობს, რომ 2007 წელს მოეწყო კვლევა, რომლის მიზანიც იყო დაედგინა, რამდენად ენდობოდა მოსახლეობა კვლევებს.
„აღმოჩნდა, რომ თბილისელების 14% არ ენდობოდა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, 25% არ ენდობოდა წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კვლევის შედეგების მიმართ არ არის მაღალი ნდობა. კვლევების მიმართ ნდობა ერთ-ერთი ინდიკატორია წინასაარჩევნო გარემოს პროცესების სიჯანსაღისა. შესწავლა სჭირდება იმას, თუ რატომ არ ენდობიან.
კომპანია კვლევებს 2003 წლიდან ატარებს. თელიას შფასებით, როდესაც პოლიტიკურმა სუბიექტებმა იციან, რომ კვლევის შედეგები არ გამოქვეყნდება, მათ გამოკითხვის მიმართ ნდობა აქვს, თუმცა საპირისპირო ხდება, როდესაც მათთვის არსასურველი შედეგები საჯარო ხდება.
„ჩვენ გვითანამშრომლია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ როდესაც კვლევის შედეგების დამკვეთი და უშუალო მიმღებია პოლიტიკური სუბიექტი და შედეგების გასაჯაროება არ ხდება, არ მახსენდება შემთხვევა, რომ მიუღებლობა იყოს შედეგების მიმართ, რაც არ უნდა არასახარბიელო შედეგი იყოს პოლიტიკური სუბიექტისთვის. როდესაც დგება გასაჯაროების მომენტი, მაშინ იწყება უნდობლობა“ - ამბობს თელია.
მოახლოებული არჩევნებისა და წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებაში კვლევის მიმართ მოსახლეობის ნეგატიურ განწყობას ობიექტური საფუძველი აქვს, რამდენადაც, წინა არჩევნებისა და გამოკითხვის შედეგებს შორის აცდენები იყო.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. მისი თქმით, პარტია სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს, რომლებიც ადასტურებს, რომ უმრავლესობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არალეგიტიმურ ძალად მიიჩნევს.
„ჩვენი გაძლიერება ნიშნავს პოლიტიკური სისტემის გაძლიერებას. ჩვენი ამოცანაა, რომ მკაფიო პროგრამით წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე და ყველა დაპირებაზე ავიღებთ პასუხისმგებლობას. განახლება ოპოზიციასაც სჭირდება. ამ თვალსაზრისით, არც ისე კარგი სურათი გვაქვს. ერთი მხრივ ოპოზიციაში წარმოდგენილია პარტიები, რომლებიც ასოცირდებიან პრორურულ განწყობებთან და არალეგიტიმურ ძალებად აღიქმებიან. ამასთან, წარმოდგენილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 9-წლიან მმართველობასთანაა ასოცირდება და აქედან გამომდინარ აღიქმება არალეგიტიმურ ძალად“ - ამბობს კობახიძე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად კვლევის შედეგებისა, ენმ-ს არალეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად აცხადებენ.
„როდესაც არჩევნებისთვის მზადებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ სანდო კვლევით არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზაცია ხდება. ეს უკანასკნელნი ყოველთვის კრიტიკულები არიან ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მეოთხე წელია, NGO-ების მიმართ მუქარაც მოვისმინეთ, რაც არ გვაძლევს საფუძველს, ჩავთვალოთ, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია“ - ამბობს ჭიაბერაშვილი.
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ 2016 წლის არჩევნების წინ გარემო ისევ უთანსწოროა.
მისი თქმით, NDI-სა და IRI-ს კვლევების შედეგები არჩევნებისთვის მომზადების საშუალებას იძლევა.
„მოვისმინე, რომ NDI-ის კვლევა არის მაიდნის დაანონსება. მეორე პარტიისან მოვისმინე, თავი დაგვანბოს NDI-მო. მე ეს მათგან არ გამკვირვებია, მაგრმამ როცა მმართველი პარიის თანამდებობის პირი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური მანიპულაციაა, ამიხსენით, რა განსხვავებაა ამ კომენტარებს შორის? მე განსხვავებას ვერ ვხედავ“ - აღნიშნა კაციტაძემ.