
„აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, არსებული უფლებებით, შეეძლოთ ჩამოეგდოთ რუსული ბომბდამშენი სუ-24, რომელმაც ამერიკულ ხომალდ USS Donald Cook-ს ბალტიის ზღვაში სახიფათოდ ახლოს რამდენჯერმე გადაუფრინა", - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი.
რუსეთის მხრიდან განცხადებას თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა - ისინი აშშ-ის რეაქციით გაკვირვებულები არიან. რუსული მხარე აცხადებს, რომ ხომალდის დანახვისას რუსმა პილოტებმა სიფრთხილე გამოიჩინეს და უკან გამობრუნდნენ.
ჯონ კერიმ კრიტიკულად შეაფასა ეს ინციდენტი და დაამატა, რომ მოსკოვი უკვე იყო გაფრთხილებული, თუ როგორი საშიშია ასეთი მანევრები, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება.
„ჩვენ ვგმობთ ასეთ ქმედებას“, - განაცხადა ჯონ კერიმ Miami Herald-თან და CNN-თან საუბრისას, - „ეს უპასუხისმგებლო საქციელია, ეს არის პროვოკაცია და საშიშია. ჩვენ გვქონდა უფლება გამოგვეყენებინა შეიარაღებული ძალები და ეს ბომბდანმშენები შეიძლებოდა, გაგვენეიტრალებინა“.
მისივე განცხადებით, ღია ზღვაში აშშ-ის შეშინება შეუძლებელია.
ცოტა ხნით ადრე პენტაგონმა გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეომასალა, რომელშიც ამერიკელი სამხედროების თქმით, ასახულია, თუ როგორ აგრესიულ მანევრებს აკეთებდა სუ-24 ძალიან დაბალ სიმაღლეზე Donald Cook- თან ახლოს.
პენტაგონის წარმომადგენელ სტივ ვორონის თქმით, რუსი პილოტების ქმედებები „პროვოკაციული და არაპროფესიონალურია“. ინციდენტზე კომენტარი გააკეთეს თეთრ სახლში: „ასეთი ქმედებები არ შეეფერებათ სამხედროებს“.
ამერიკელი სამხედროების თქმით, რუსული ბომბდამშენი სუ-24 რამდენიმე დღის განმავლობაში დაფრინავდა სახიფათოდ ახლოს სამხედრო ხომალდ Donald Cook-თან. აღსანიშნავია, რომ რუსული ბომბდამშენი არ იყო შეიარაღებული. ამერიკელი სამხედროების თქმით, სუ-24-მდე სამხედრო ხომალდთან დაფრინავდა რუსული ვერტმფრენი კა-27.
ჯონ კერი არ აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, თუ რატომ არ გაუხსნეს ცეცხლი რუსულ ბომბდამშენებს.
Navy Times-თან ინტერვიუში BMF ყოფილმა კაპიტანმა, რიხ ხოფმანმა განაცხადა: „თუ კაპიტანს შეუძლია მოახლოებული თვითმფრინავის იდენტიფიცირება და ხედავს, რომ ის არ არის შეიარაღებული, ვერ ხედავს ვერანაირ საფრთხეს და ხედავს, რომ ხომალდისკენ არ არის რაკეტა მომართული, მაშინ არაფერი არ უნდა გააკეთოს“.
მისივე თქმით, არ შეიძლება მოკლა ადამიანი უბრალოდ იმისთვის, რომ გაღიზიანებს.
Donald Cook-ზე მიმდინარეობდა სამხედრო სწავლება ზღვაში, სადაც ასევე ვარჯიშობდნენ ხომალდზე ვერტმფრენის დასმაზე. ზუსტად ამ დროს ჩაიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა. ხომალდზე ასევე იყო პოლონეთის სამხედრო ვერტმფრენიც.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა აშშ-ის რეაქცია არაჯანსაღად შეაფასა და განაცხადა, რომ „აშშ-ის ხომალდის იქ ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ საჰაერო ზოლში რუსულ ბომბდამშენებს არ შეუძლია ფრენა“.
Donald CooK-ის კაპიტანმა განაცხადა, რომ რუსული ბომბდამშენები ქმნიდნენ სიმულაციას, თითქოს ხომალდზე აპირებდნენ თავდასხმას.
ისინი, ვინც ბომბდამშენს მართავდნენ, არ პასუხობდნენ შეტყობინებებს, რომელსაც აშშ-ის ხომალდის კაპიტანი მათ რუსულ და ინგლისურ ენაზე უგზავნიდა.
ასეთმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს 1970-იან წლებში დადებული ხელშეკრულების დარღვევა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ღია ზღვაში საშიში ინციდენტების შექმნა დაუშვებელია.
წყარო: BBC