Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Forum.ge-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, მომხმარებელს პატიმრობა შეუფარდეს

15 აპრილი, 2016 17:18

თბილისის ინტერნეტფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, მომხმარებელ სულხან წულაძეს პატიმრობა შეუფარდეს.

Forum.ge-ზე მომხმარებლები წერენ, რომ წულაძემ რამდენიმე დღის წინ ფორუმზე „ტროლინგ“ თემა გახსნა აშშ-ის ელჩის შესახებ.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება 326-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე მუქარას გულისხმობს.

მუხლი 326. საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმა

1. საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენელზე ან საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელზე ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა პოლიტიკური მოტივით ან საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ წულაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესი 2 ივნისს, 12 საათზეა ჩანიშნული.

წულაძის მეგობრები ინტენრეტში პეტიციას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ წულაძის ქმედების არაეთიკურობას აღიარებენ, თუმცა წინასწარი პატიმრობის გამოყენება მისი მქედების სიმძიმეს არ შეესაბამება. 

„2016 წლის 11 აპრილს სულხან წულაძემ , რომელიც ინტერნეტში ცნობილია როგორც იუზერი "სპლიყვი" თბილისის ფორუმზე Forum.ge გახსნა სახუმარო თემა, სადაც ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა. მეტი დამაჯერობლობისათვის მან ტექსტს დაურთო Google Map-იდან ამოღებული სურათი, სადაც თითქოსდა ასახული იყო მოქმედების გეგმა. მომხდართან დაკავშირებით, სამართალმადცველმა ორგანოებმა მოახდინეს რეაგირება და დააკავეს სულხან წულაძე. მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ( მუხლი 326, მეორე ნაწილი ), რომელიც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მცდელობას გულისხმობს. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 აპრილს სულხან წულაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარის თქმით არსებობს საფრთხე, რომ სულხან წულაძე მტკიცებულებებს გაანადგურებს, რაც თავის მხრივ თბილისის ფორუმზე გახსნილ თემას გულისხმობს. ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებით ვითხოვთ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს აღკვეთი ღონისძიების ფორმა და სულხან წულაძის მიმართ არ იყოს გამოყენებული პატიმრობა. აქვე ავღნიშნავთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სულხან წულაძის მიერ ჩადენილი ქმედების არაეთიკურობას, თუმცა ვთვლით, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენება მის მიმართ არ შეესაბამება მისი ქმედების სიმძიმეს" - ნათქვამია პეტიციაში. 

იურისტი გიორგი მელაძე „ლიბერალთან" საუბარში განმარტავს, რომ უნდა გაირკვეს, თუ რამდენად იყო შემთხვევა რეალური საფრთხის შემცველი. 

„უნდა შეისწავლონ ვინ არის და რამდენად წარმოადგენს რეალურ საფრთხეს, შეიძლება გაათავისუფლონ კიდეც ან მისცენ პაუხისგებაში. უნდა იყოს შესწავლილი ამ ადამიანის დამოკიდებულება ნათქვამთან", - ამბობს მელაძე. იგი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე მიუთითებს, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება. 

მუხლი 9. შინაარსობრივი რეგულირება

1. კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება:

ა) ცილისწამებას;

ბ) უხამსობას;

გ) პირისპირ შეურაცხყოფას ;

დ) დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას;

ე) მუქარას;

ვ) პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას;

ზ) რეკლამას, ტელეშოპინგს ან სპონსორობას;

თ) სამხედრო მოსამსახურის, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, წევრის ან თანამშრომლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას;

ი) თავისუფლებააღკვეთილი ან თავისუფლებაშეზღუდული პირის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას;

2. შინაარსობრივი რეგულირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვალსაზრისობრივად ნეიტრალური, არადისკრიმინაციულიშეზღუდვის სახით.

შემთხვევას საქართველოში აშშ-ს საელჩო განცხადებით გამოეხმაურა:

„აშშ-ის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება - მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო - ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას.

საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული პირის წინააღმდეგ მუქარის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამიტომ აშშ-ის საელჩოს დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^