უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტების საპროტესტო აქცია "მოვითხოვთ განათლების რეფორმას" 14:00 საათზე დაიწყო. სტუდენტები განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის ვერსიას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის რეალურ ცვლილებებს არ გულისხმობს, შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული მათი ის მოთხოვნები, რა პირობითად ერთი თვის წინ საპროტესტო აქციები შეწყვიტეს. იქამდე კი სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეექვსე შენობა დაიკავეს და მათი ნაწილი ამ დრომდე იქ რჩება. თსუ-ის სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.
პირველი კორპუსის ეზოდან "აუდიტორია 115-ის" საპროტესტო აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიისკენ გაემართნენ. "მოვითხოვთ განათლების რეფორმას", "ავტონომია უნივერსიტეტს!" პრიორიტეტი მეცნიერებას" - სკანდირებდნენ ისინი.
სტუდენტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენდნენ.
"აუდიტორია 115-ის" საპროტესტოო აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან მივიდნენ. მათ ადგილზე მობილიზებული პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ.
"მოვუწოდებთ კანცელარიის თანამშრომლებს, რომ სასწრაფოდ მიაწოდონ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის აპარატს, რომ უნივერსიტეტის "აუდიტორის 115-ში" ველით საქართველოს პრემიერ-მინისტრს და გვაქვს იმედი, რომ მას ეყოფა პასუხისმგებლობა, გამბედაობა, პოლიტიკური კულტურა და დაელაპარაკება სტუდენტებს და არა მხოლოდ დაელაპარაკება, მისცემს მათ განათლების ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების პირობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას, გავაგრძელოთ იმ მეთოდებით, რომლითაც მოქმედებს დღეს თანამედროვე მსოფლიო: პროტესტი, ანუ დავიკავოთ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი, გახანგრძლივებული ვადით. დავიკავოთ აუდიტორია 115 გახანგრძლივებული ვადით. და მოვუწოდოთ საქართველოს ყველა ქალაქში ყველა სტუდენტს, მაგისტრანტს, დოქტორანტს, მკვლევარს, პროფესორს, მეცნიერს გაერთიანებისკენ, რათა ეს ჭაობი დაიძრას. რათა განათლების უმოქმედო სისტემა დაინგრეს და მივიღოთ ისეთი განათლების სისტემა, როგორსაც თქვენნაირი ადამიანები იმსახურებენ." - აღნიშნა ლევან ლორთქიფანიძემ კანცელარიის შენობის წინ.