
მამუკა ღლონტის ადვოკატ პაატა კიკვიძის თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას მოთხოვნა, გიორგი გაჩეჩილაძის 10%-იანი წილის მოსარჩელეთათვის გადაცემის შესახებ.
როგორც ადვოკატი „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, მოტივი, რის გამოც სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუყენებია.
„სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო წინარეხელშეკრულება და რაკი ძირითადი ხელშეკრულება არ დადებულა, სარჩელის დაკმაყოფილება იქნებოდა იგივე, რაც ხელშეკრულების ძალით დადება, რაც სასამართლომ მიიჩნია, რომ მართებული არ არის“ - უთხრა ადვოკატმა „ლიბერალს“.
მისი თქმით, წინარე ხელშეკრულება გულისხმობს მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულებას.
„გააჩნია მის შინაარსს - შესაძლოა, წინარე ხელშეკრულება არ ითვალისწინებდეს საერთოდ საკუთრებაში გადაცემის პირობებს. ჩვენ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო საკუთრებაში გადაცემაც, ფასიც, ყველა პირობა... უბრალოდ საკუთრების უფლების წარმოშობა გადავადებული იყო“ - ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ჩაბარდებათ, მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.