სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისლანდიის პრეზიდენტმა, ოლაფურ რაგნარ გრიმსონმა განაცხადა, რომ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ხალხის მოთხოვნით მიიღო.
პრეზიდენტი ამბობს, მოსახლეობა მას სთხოვდა, ისევ ეყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან შიშობენ, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის პირობებში ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაიწყება.
ისლანდიის პრემიერ-მინისტრი სიგმუნდურ გუნლეიგსონი თანამდებობიდან 2016 წლის 4 აპრილს გადადგა. გადადგომის მიზეზი Panama Papers-ის მასალების გამოქვეყნება გახდა, რომელთა თანახმად, ისლანდიის პრემიერ-მინისტრი თანხას ოფშორულ კომპანიებში მალავდა.
Panama Papers-ის მასალების გამოქვეყნებას რეიკიავიკში დემონსტრაცია მოჰყვა, რომლის მონაწილეებმაც პრემიერის გადადგომა მოითხოვეს. ამას გარდა ინტერნეტში სიგმუნდურ გუნლეიგსონის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით პეტიციაზე 23 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით დანიშნული სიგურდურ ინგი იოჰანსოსნი ასრულებს.
ისლანდიაში დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკაა, ამდენად მთავრობის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. პარლამენტი მრავალპარტიულია. ისლანდია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყანაა. აღმასრულებელი ხელისუფლება მთავრობას ეკუთვნის. საკანონმდებლო ძალაუფლებით აღჭურვილია მთავრობაც და პარლამენტიც - ალთინგი.
საპრეზიდენტო არჩევნები ივნისში გაიმართება. ოლაფურ რაგნარ გრიმსონის გარდა არჩევნებში ათზე მეტი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ისლანდიაში არ არის შეზღუდვა საპრეზიდენტო ვადებზე, ამის გამო ოლაფურ რაგნარ გრიმსონი 1996 წლიდან ქვეყნის სათავეშია.