2016 წლის განმავლობაში არ იგეგმება, რომ საყოველთაო ჯანდაცვა შეიცვალოს და გადაერთოს მიზნობრივ ჯანდაცვაზე, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში გამოსვლისას.
როგორც მან პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე უფრო მეტ თანხას იმათ უფარავს, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდებათ.
„სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვის საბაზო პაკეტის მოცულობა შედარებით უფრო დაბალი აქვს, ვიდრე პენსიონერებს, ბავშვებსა და სოციალურად დაუცველებს... 600 ათასი ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, მაღალი და საშუალო შემოსავლის არიან, არ სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვით. ისინი კერძო დაზღვევაში იხდიან თანხას“, - ამბობს სერგეენკო.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მდგრადობის უზრუნველსაყოფად საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა.
„პირველი ეს არის ხარისხის კონტროლის სისტემაში პირველი ნაბიჯების დანერგვა და პერსპექტივაში მეტ-ნაკლებად სრულყოფილი მოდელის ამუშავება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მიჩნეულია, რომ იდეალური უზრუნველყოფის შემთხვევაში ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯი 30%-ით იკლებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს განცდა, რომ ამ შედეგს პირველივე თვეებში მივაღწევთ, მაგრამ ეს არის სწორი გზა. ხარისხის ტოტალური მენეჯმენტი არის სწორი გზა იმისათვის, რომ: პირველი - პაციენტმა მიიღოს მაქსიმალურად ხარისხიანი მოვლა, მეორე - სამედიცინო დაწესებულებას დაეზოგოს თანხა და მეტი მოახმაროს დაწესებულების განვითარებას და მესამე - სახელმწიფომ შეძლოს თანხის უფრო მეტად რაციონალური გამოყენება“, - ამბობს სერგეენკო.