თსუ-ის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვასილ გონაშვილის განცხადებით, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე გახდა. დარეჯან თვალთვაძემ თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის არჩევნებში 526 ხმა მიიღო, რაც კენჭისყრის მონაწილეთა ხმების 54.3 %-ია. ჩატარებულ არჩევნებს ისტარიული უწოდა თსუ-ის ყოფილმა რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ. მისი თქმით, დღეს პირველად უნივერსიტეტსა და საქართველოში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის უფლება 1300-ზე მეტ ამომრჩეველს მიეცა.
„ჩვენ სტუდენტებთან ერთად ვიბრძოლებთ, რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს“, - ამის შესახებ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ არჩევნების შედეგების გასაჯაროების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, უნივერსიტეტი სრულყოფილად იყოს მომზადებული მომავალში რექტორისა და კანცლერის არჩევნებისთვის.
„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ თუნდაც დროებით ვუხელმძღვანელო უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს დიდ ტრადიციები, რომელსაც ბოლო დროს შესაძლოა სახელი შეებღალა, მაგრამ აქვს იმის რესურსი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წარმართოს. მჯერა, რომ ჩვენ სტუდენტებთან ერთად, რომელთა გარეშეც უნივერსიტეტიც არ არსებობს, ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ ყოველდღე იმისთვის, რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს. ამისთვის საჭიროა უნივერსიტეტს ჰყავდეს ლეგიტიმური მმართველი ორგანოები, ეს არის მისი აკადემიური საბჭო, რომელიც არის უმაღლესი მმართველობითი ორგანო, ეს არის კანცლერი, რომლის არჩევნებიც ძალიან მალე ჩატარდება და ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვისაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩა, რომ მოვამზადოთ და ღირსეულად ჩავატაროთ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. ჩემს მთავარ ამოცანას სწორედ ამაში ვხედავ“, - განაცხადა დარეჯან თვალვთაძემ.
თსუ-ს ყოფილი რექტორის ვლადიმერ პაპავას თქმით კი „კურიოზია, რაც კანონში წერია, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს მთელი უნივერსიტეტი, ხოლო რექტორს აკადემიური საბჭო“.
ვლადიმერ პაპავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ დარეჯან თვალთვაძეს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა, რაც უნივერსიტეტისთვის ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არის უნივერსიტეტის ისტორიაში განსაკუთრებული დღე, რადგან ჩვენს უნივერსიტეტში პირველად, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცა 1300-ზე მეტ ამომრჩეველს. ეს არის ძალიან მასშტაბური არჩევნები და უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას შესწევს უნარი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ვითარებას გაუმკლავდეს ისე, როგორც შეშვენის ივანე ჯავახიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტს. მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, ყველა პროცედურის დაცვით, რომ არ დარღვეულა არაფერი, რაც დააფიქსირეს დამკვირვებლებმა და ეს არის ყველაზე მთავარი შედეგი. უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას შეუძლია ჩაატაროს ასეთი არჩევნები, თუმცა კურიოზია კანონში რაც წერია, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევდეს მთელი უნივერსიტეტი და რექტორს მხოლოდ აკადემიური საბჭო“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
მისივე თქმით, მან სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც დარეჯან თვალთვაძე საკუთარ მოადგილედ დააწინაურა, რისი დამადასტურებელიც დღევანდელი დღე გახდა. ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ იგი უნივერსიტეტიდან თავაწეული მიდის და თავს დარეჯან თვალთვაძის გუნდის ერთ-ერთ რიგით წევრად მიიჩნევს.
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობდა, სადაც ხმათა უმრავლესობა, 526 ხმა დარეჯან თვალთვაძემ მოიპოვა. ლევან გორდეზიანს 236-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ცირა ბარამიძემ 117 ხმა მიიღო, ხოლო გიორგი ანდრიაძემ - 39.