თბილისის სააპელაციო სასამართლომ აშშ-ის ელჩზე თავდასხმის მუქარისთვის ბრალდებული სულხან წულაძის (იგივე „სპლიყვის“) საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა, - ინფორმაცია „ლიბერალს“ სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათი თქმით, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწვეტილება წულაძის მიმართ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.
თბილისის ინტერნეტფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, მომხმარებელ სულხან წულაძეს პატიმრობა 15 აპრილს შეუფარდეს.
Forum.ge-ზე მომხმარებლები წერენ, რომ წულაძემ რამდენიმე დღის წინ ფორუმზე „ტროლინგ“ თემა გახსნა აშშ-ის ელჩის შესახებ.
პროკურატურამ საქმეზე გამოძიება 326-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე მუქარას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ წულაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესი 2 ივნისს, 12 საათზეა ჩანიშნული.
წულაძის მეგობრები ინტენრეტში პეტიციას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ წულაძის ქმედების არაეთიკურობას აღიარებენ, თუმცა წინასწარი პატიმრობის გამოყენება მისი მქედების სიმძიმეს არ შეესაბამება.