
„მხარს, რასაკვირველია, არ დავუჭერთ იმიტომ, რომ ეს არის გასაკეთებელი დღეს და ცვლილებები უნდა მოხდეს დღეს“, - განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო რატიანმა იმ შეკითხვის პასუხად, დაუჭერენ თუ არა საპარლამენტო უმცირესობის წევრები 2020 წლისთვის პროპორციული სისტემის ამოქმედებას.
ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რომლის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა უქმდება და პარლამენტის წევრები პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით აირჩევიან.
სერგო რატიანის განცხადებით, პროპორციულ-მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე საქართველო უნდა გადავიდეს არა 2020 წელს, არამედ დაუყოვნებლივ, დღევანდელი კენჭისყრა კი მიზნად ისახავს „ქართული ოცნებისთვის“ სახის შენარჩუნებას.
„აქ საუბარია მხოლოდ ერთ დეტალზე, რომელიც გადამწყვეტია და ცვლის ყველაფერს. ეს არის ის, რომ პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ ახლა და არა მოგვიანებით. ეს კანონი დღეს შემოტანილია მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნოს სახე, რადგან ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ როგორც საქართველოში, ასევე პარტნიორ ქვეყნებშიც ამბობენ, რომ მაჟორიტარულმა სისტემამ ამოწურა თავი, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. ყველა ვთანხმდებით, რომ პროპორციული სისტემა საქართველოსთვის ყველაზე ადეკვატურია“, - ამბობს სერგო რატიანი.
შეკითხვას - იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებას, გამოდის, რომ 2020 წლისთვისაც რეგიონულ-პროპორციული სისტემა ვერ ამოქმედდება, სერგო რატიანი პასუხობს, რომ „ეს ასე არ გამოდის. პოლიტიკა აგებულია არა განუსაზღვრელ მომავალზე, არამედ დღევანდელ დღეზე. დღეს უნდა შევცვალოთ გარემო იმისათვის, რომ ნორმალურად განვვითარდეთ“.
საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს მხარს არ დაუჭრენ ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ წევრი პარლამენტარები. პავლე კუბლაშვილის განმარტებით, აღნიშნულ პროექტს ორი პრობლემა აქვს:
„პირველი - არ შედის ძალაში 2016 წლის არჩევნებისთვის. მეორე - არ არის დაკონკრეტებული, რა დეპუტატების არჩევის წესი, რამდენი აირჩევა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით პროპორციული წესით და რამდენი - რეგიონულ-პროპორციულით. ამ ორი საკითხის გადაწყვეტის გარეშე მხარდაჭერა იქნება ძალიან რთული. ამ ორი საკითხის გაუთვალისწინებლად კანონპროექტის მხარდაჭერას „გირჩი“ არ აპირებს", - აცხადებს კუბლაშვილი.
პროექტის შესახებ გამოკვეთილი პოზიცია ჯერ არ აქვს ფრაქცია „დამოუკიდებელ დემოკრატებს“. ვიქტორ დოლიძის თქმით,, ამ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციაში ჯერ კიდევ კონსულტაციები მიმდინარეობს.
„რაკი პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ 2016 წელს ამდაგვარი სისტემა მივიღოთ, 2020 წლისთვის მაინც ხომ უნდა ავამოქმედოთ ასეთი სისტემა. აქედან გამომდინარე, ფრაქციის საბოლოო დასკვნას ვერ გეტყვით, რადგან ფრაქციაში კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ ჩემს ინდივიდუალურ მოსაზრებას გეტყვით, რომ დავუჭერდი ამ ცვლილებებს მხარს იმიტომ, რომ 2020 წელს ხომ უნდა გვქონდეს ასეთი სისტემა. რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის, რომ 2020 წელსაც არ გვქონდეს რეგიონულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა“, - აცხადებს დოლიძე.
ვიქტორ დოლიძის მოსაზრებას იზიარებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, ეს მოჯადოებული წრე უნდა დაირღვეს.
კონსტიტუციაში ცვლილებს ხმების 150-წევრიანი პარლამენტის სამი მეოთხედის (113 დეპუტატის) მხარდაჭერა სჭირდება. საპარლამენტო უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ვერ ახერხებს.