„ძირს ოდეერები", „არა პოლიციურ რეჟიმს", „სისტემა უნდა დაინგრეს", - სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის" წევრებმა შსს-ს მხრიდან მათ ოჯახებზე ზეწოლა დღეს აქციით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ, შემდგომ კი საპროტესტო მსვლელობით სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობისკენ გადაინაცვლეს.
„აუდიტორია 115-ის“ წევრების განმარტებით, ოდეერების წინააღმდეგ მებრძოლ მოძრაობის აქტივისტებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აკითხავენ სახლში და მათი ოჯახის წევრებს აშინებენ, ემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით ან დაჭერით, თუკი მათთან დაკავშირებული კონკრეტული აქტივისტები არ ჩამოშორდებიან სტუდენტურ მოძრაობა „აუდიტორია 115-ს".
„დღეს ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ ვთქვათ უარი ამ საშინელ პრაქტიკაზე. სწორედ ამ შენობაში გადაწყდა, რომ ჩვენს აქტივისტებთან უნდა მისულიყვნენ სახლში და დაეშინებინათ ისინი. ჩვენ დღეს ამ შენობასთან ვიწყებთ თავისუფალი საზოგადოების მშენებლობას და ამ საზოგადოებაში ტოტალურ პოლიციურ რეჟიმს არაფერი არ ესაქმება", - მიმართა სუს-ის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს „აუდიტორია 115-ის“ წევრმა გიორგი არობელიძემ.
მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა სუს-ის შენობასთან დასრულდა. მოძრაობის წევრები თსუ-ის აუდიტორია 115-ში დაბრუნდნენ და სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც განათლების რეფორმის შესახებ იმსჯელებენ.