„საქართველოში არსებული მედიასექტორი მინიმალურად აკმაყოფილებს სტანდარტებს და მისი დიდი ნაწილი დავალებული ან ანგარიშვალდებულია პოლიტიკური, ან სხვა რაიმე ძალისგან“, - IREX-ის საერთაშორისო მედიაგანვითარების მიმართულების დირექტორის მოადგილემ და მედიის მდგრადობის ინდექსის მთავარმა რედაქტორმა ლეონ მორსემ დღეს საქართველოში მედიის მდგრადობის ინდექსის (MSI) 2016 წლის ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში გარკვეულად ცალმხრივი იყო ეს მედიაკვლევა, რადგან MSI თავად მედიაპროფესიონალებს ეკითხებოდა, როგორი მდგომარეობა იყო მათი ქვეყნების მედიაში. ამიტომ, მორსეს თქმით, მათ დაამატეს ახალი ამოცანა, რომელიც ითვალისწინებს ფართო აუდიტორიისთვის კითხვის დასმას - როგორ ფუნქციონირებს მედია მათ ქვეყანაში.
„რატომ გადაწყვიტა IREX-მა MSI კვლევის ჩატარება? ჩვენ ვიცოდით, რომ უკვე არსებობდა Freedom House, „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“, მაგრამ ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ისეთი მექანიზმი, რომელიც იქნებოდა სანდო და რომელიც მედიის განვითარებაში დაგვეხმარებოდა. უმთავრესი ჩვენთვის იყო ის, რომ ადგილობრივი ორგანიზაციები მეტ ინფორმაციას ფლობენ თავიანთი მედიაგარემოს შესახებ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს კვლევაში მათი ცოდნა ყოფილიყო გამოყენებული“, - ამბობს მორსე.
MSI-ს მთავარმა რედაქტორმა წარმოადგინა კვლევის 7 ამოცანა და ამ თითოეული საკითხის 7-დან 9-მდე ინდიკატორი. მისი განმარტებით, ამ ამოცანებზეა დაფუძნებული კითხვარი, რომელსაც თითოეულ ქვეყანაში 12 მედიაპროფესიონალი ავსებს. როგორც მორსე განმარტავს, ისინი იკრიბებიან, დგება დისკუსია რომლის შედეგადაც ყალიბდება ტექსტი და შემდეგ ანიჭებენ ქულებს. თითოეული საკითხი ფასდება 4-ბალიანი შკალით. 0 ქულა ნიშნავს იმას, რომ მოცემული საკითხი არ შეესაბამება იმ სატნარტს, რომელიც ქულებით არის გათვალისწინებული, ხოლო ქულა 4 ნიშნავს, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. გარდა ამისა, ქულა გამოყვანილი უნდა იყოს განსაზღვრული დროის ჭრილში, ანუ ერთი და იგივე ქვეყანა ამ ქულას უნდა ინარჩუნებდეს მთავრობის, ან ქვეყანაში სხვა რაიმე ცვლილებების მიუხედავად.
„2001 წელს, როდესაც MSI კვლევის ჩატარება დავიწყეთ, საქართველოს ქულა იყო 1,82, ანუ ეს იყო ზედა ზღვარი იმისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ არამდგრად შერეული სისტემის მქონე მედიაგარემოს. 2004 წელს საქართველოს ქულა გაუმჯობესდა საგრძნობლად და გადაინაცვლა თითქმის მდგრადი მედიაგარემოს სტანდარტში. ასეთი პოზიტიური ზრდა გაგრძელდა 2008 წლამდე. 2008 წელს საქართველოს, ისევე როგორც რეგიონის დანარჩენი მედიაგარემოს მდგრადობის ქულამ კლება დაიწყო. ამის მიზეზი გახდა როგორც რუსეთთან ომის ნეგატიური ზეგავლენა, ასევე ისეთი მსოფლიო გამოწვევები, როგორიც იყო ფინანსური კრიზისი და ტრადიციული სარეკლამო ბაზრის გაუფასურება ინტერნეტში რეკლამის განთავსების შედეგად. 2010 წელს საქართველო დაუბრუნდა თავის საწყის ქულას, რომელიც ჰქონდა 2001 წელს და ეს ქულა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა 2013 წლამდე. შემდეგ ის ისევ დაუბრუნდა თითქმის მდგრად კატეგორიას, ხოლო 2014 წლიდან საქართველოს ჰქონდა ყველაზე მაღალი შეფასება - 2,63. მას შემდეგ ყოველ წელს ეს მონაცემი ოდნავ იკლებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოზიტიური ცვლილების ფონზე რეგიონში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“, - ამბობს მორსე.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებთან თანაფარდობას, კვლევის მიხედვით რუსეთი და აზერბაიჯანი საგრძნობლად ჩამოუვარდება საქართველოს, ხოლო სომხეთი ოდნავ უსწრებს.
„თუმცა საქართველოს და სომხეთის შედარებისას საგულისხმოა ერთი ფაქტი. ის ქულა, რომელიც საბოლოო შედეგად დაიდო, არის კვლევის 5-ვე ამოცანის ჯამური ქულა. სომხეთში სიტყვის თავისუფლების ინდექსი უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში. მე-4 ამოცანაში კი, რომელიც მედიის, როგორც გამართული ბიზნესის ფუნქციონირებას შეეხება, მათ უფრო მაღალი ქულა აქვთ და ამან განაპირობა საბოლოო ჯამური ქულა, რითიც სომხეთმა გაუსწრო საქართველოს“, - განმარტავს მორსე.
კვლევამ, ასევე აჩვენა, რომ საქართველოში არასაჭირო ზედსართავების გამოყენება ადასტურებს, რომ მედია და საზოგადოება ქალს უყურებს როგორც „არათანასწორ ობიექტს“, რაც ამკვიდრებს სტერეოტიპებს გენდერული როლების შესახებ. თუმცა ლეონ მორსე განმარტავს, რომ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის.