შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ წარმომადგენლების სააპელაციო საჩივრის განხილვა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ პარტნიორების წილებზე (ლევან ყარამანიშვილის 60% და გიორგი ყარამანიშვილის 40%) ყადაღის მოხსნის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 31 მარტის სხდომაზე დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.
აღნიშნული ყადაღა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ წილებს 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დაედო და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში ქიბარ ხალვაშის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნა იყო, რომ მოპასუხეებს ლევან ყარამანიშვილს, გიორგი ყარამანიშვილს, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ და ნინო ნიჟარაძეს სოლიდარულად დაკისრებოდათ ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამის“ სასარგებლოდ ზიანის (მიუღებელი შემოსავლის სახით) ანაზღაურება 18 367 868,8 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 3 ნოემბერს, „რუსთავის 2-ის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას არ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა 18 მლნ-ის ანაზღაურებაზე, შესაბამისად, „ტელეკომპანია საქართველოს“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ თუ მოსამართლე ურთმელიძე არ აკმაყოფილებდა 18 მლნ-ის მოთხოვნას, ძალაში აღარ უნდა დაეტოვებინა ამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა, ეს კი ასე არ მომხდარა, რაც ალოგიკური და სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
ამასთან, „ტელეკომპანია საქართველოს“ მხარეს ყადაღის ნაწილში შენიშვნები თბილისის სააპელაციო სასამართლოში მასალების გადაგზავნის ვადებთანაც აქვთ.
„უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინებით, მოსამართლე ურთმელიძემ, ყოველგვარი კანონის დარღვევით „ტელეკომპანია საქართველოს“ მიმართ დაადგინა უზრუნველყოფის ღონისძიებები. შემდეგ კი, იმის ნაცვლად, რომ 5 დღის ვადაში გადაეგზავნა საქმე სააპელაციო სასამართლოში, 48 დღის განმავლობაში დამალა ის და მხოლოდ ძირითად საქმესთან ერთად გადაგზავნა სააპელაციო სასამართლოში“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძე.
ადვოკატები მოითხოვენ, რომ სააპელაციო სასამართლოში ძირითადი საკითხის განხილვის დაწყებამდე, რაც „რუსთავი 2-ის“ წილების ქიბარ ხალვაშისადმი მიკუთვნებას ეხება, ზემდგომმა ინსტანციამ ყადაღის განჩინების საკითხზე მიიღოს გადაწყვეტილება.
„ამ განჩინებაზე დროული პასუხის შემთხვევაში, შეუძლებელია, სხვა პასუხი იყოს მოსალოდნელი - მოსამართლე ურთმელიძემ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და ასევე უკანონოდ დროულად არ გადმოგზავნა სააპელაციო სასამართლოში, ეს პასუხს სცემს სააპელაციო სასამართლოში დაფიქსირებულ ყველა დანარჩენ მოთხოვნას, კერძოდ, იმას, რომ მოსამართლე ურთმელიძე იყო დაინტერესებული მხარე და შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები ვერ იქნება კანონიერი“, - ამბობს ძაგნიძე.
იმის გამო, რომ თამაზ ურთმელიძემ 18 მლნ-სთან დაკავშირებით ხალვაშის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და შემდეგ მაინც ძალაში დატოვა ყადაღა, გარკვეულ რისკს ხედავს მეორე მხარეც. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია „ლიბერალთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ურთმელიძეს, თუ არ აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნას 18 მილიონთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებითვე უნდა გაეუქმებინა ეს ყადაღა. შემდეგ კი, მათი მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებით ყადაღას მაინც ძალაში დატოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ხალვაშის მხარემ 18 მილიონის ანაზღაურების დაუკმაყოფილებლობის საკითხი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სალია მათი მხარისთვის რისკს მაინც ხედავს.
„თეორიულად არსებობს შესაძლელობა, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმოს ეს განჩინება ყადაღაზე. ვფიქრობ, ამის საფუძველი არ არსებობს და არ უნდა გააუქმოს, რადგან დავა გრძელდება, ჯერ ამ საკითხის ბედი გადაწყვეტილი არ არის - გვეკუთვნის თუ არა ის 18 მილიონი ზიანის ანაზღაურების სახით, შესაბამისად, აპელაცია თუ გააუქმებს ყადაღას, ჩვენი მხარე რჩება რისკის ქვეშ, რომ „ტელეკომპანია საქართველოს“ წილები გასხვისდეს და დაიდოს იმ ტიპის ხელშეკრულება, რისიც თავიდანვე გვეშინოდა, ასევე მოხდეს დამატებითი ფინანსური ვალდებულებებით დატვირთა და ა.შ.“, - ამბობს სალია.
რაც შეეხება „ტელეკომპანია საქართველოს“ წარმომადგენლების მოთხოვნას, საქმის არსებითი ნაწილის განხილვამდე ყადაღის განჩინებაზე გადაწყვეტილების მიღებას, სალია ამბობს, რომ არ არსებობს ნორმა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს ამას დაავალდებულებს. მისი თქმით, ეს არის ორი დამოუკიდებელი საპროცესო მოქმედება - არსებითად, დავისა და კერძო საჩივრის განხილვა.
„ვფიქრობ, ეს არის მცდელობა, სასამართლო წარმოაჩინონ მიკერძოებულად. მათივე თქმით, ეს იმისთვის უნდათ, რომ დარწმუნდნენ, მიკერძოებულია თუ არა სააპელაციო სასამართლო, ფაქტობრივად, ამბობენ, რომ თუ სააპელაციო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, ე.ი. ის მიკერძოებულია და ა.შ. ყადაღა არის თითიდან გამოწოვილი თემა. მათ სურთ, სასამართლოსგან მიიღონ პასუხი. ალბათ, ურჩევნიათ, სასამართლომ ძალაში დატოვოს ეს განჩინება, რათა დამატებითი არგუმენტი ჰქონდეთ სააპელაციო სასამართლოს მიკერძოებაზე“, - ამბობს სალია.
სააპელაციო სასამართლომ ყადაღის ნაწილის განხილვა 31 მარტს დაასრულა და ახლა გადაწყვეტილების გამოცხადების ჯერია. რაც შეეხება საქმის არსებითი ნაწილის განხილვას, წილებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში მომდევნო პროცესი 13 მაისს არის დანიშნული.