ინდიანის შტატში გამარჯვებით დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე, ფაქტობრივად, „რესპუბლიკური პარტიის" საბოლოო ნომინანტი გახდა და მისი მეტოქე ტედ კრუზი წინასაარჩევნო რბოლიდან გათიშა.
ტრამპს, რომელიც თავის პარტიაში ბევრს არ მოსწონს, უკვე გახსნილი აქვს გზა, მოიპოვოს 1237 დელეგატის ხმა და დაიდგას „რესპუბლიკელების" გვირგვინი.
ეს გამარჯვება შთამბეჭდავ მიღწევად ფასდება იმის ფონზე, რომ ბიზნესმენის ამბიციებს ცოტა თუ აღიქვამდა სერიოზულად, როცა მან კანდიდატურა წამოაყენა და წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
ჰილარი კლინტონი კი ბერნი სანდერსმა დაამარცხა ინდიანის შტატში და გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ შეჯიბრებამ ახალი მუხტი შეიძინა.
„კლინტონის კამპანიას მიაჩნია, რომ ჩვენი კამპანია დასრულებულია. ისინი ცდებიან“, - განაცხადა სანდერსმა.
მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ჰილარი კლინტონი დემოკრატების მეორე კანდიდატს ხმების რაოდენობით მაინც მნიშვნელოვნად უსწრებს.
ტედ კრუზი უკვე დაემშვიდობა მხარდამჭერებს. მისი კამპანიის მრჩევლები საბოლოო იმედს ინდიანის შტატზე ამყარებდნენ, რადგან ეს ბოლო შანსი იყო, ტრამპისთვის ნომინანტობის მოპოვებაში ხელი შეეშალათ.
„ჩვენ თავი არ დაგვიზოგავს, მაგრამ ამომრჩევლებმა სხვა გზა აირჩიეს“, - მიმართა მხარდამჭერებს კრუზმა ინდიანაში.
ნიუ იორკელი ბიზნესმენი პირველი ნომინანტია დუაიტ ეიზენჰაუერის შემდეგ, რომელმაც პოლიტიკური და საარჩევნო გამოცდილების გარეშე ასეთ გამარჯვებას მიაღწია.
„რესპუბლიკელებიდან" ჯონ კასიჩი კვლავ განაგრძობს კამპანიას, მაგრამ რადიკალურად ჩამორჩება ტრამპს.
„ჩააქრეთ შუქი, წვეულება დასრულდა. ტედ კრუზმა და მოძრაობამ #NeverTrump ყველაფერი ჩადეს ინდიანაში ტრამპის დასამარცხებლად, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საკმარისთან მიახლოებულიც კი. ამ ბრძოლას მათ მილიონ დოლარზე მეტი დაახარჯეს. კრუზმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კარლი ფიორინა დაასახელა, მაგრამ არაფერმა უშველა“, - წერს BBC.
წყარო: BBC