„ადამ და ევადან მოყოლებული ქალი და მამაკაცი ქმნის ახალ სიცოცხლეს, სხვა ამას ვერ იზამს“, - ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრმა, მერაბ კაჭახიძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დამსწრე სტუმარს, კობა ბიწაძეს მიმართა.
ასოციაცია „თემიდას" წევრმა, კობა ბიწაძემ კომიტეტის სხდომაზე პირად მაგალითზე ისაუბრა.
„მე მაქვს ოჯახი, რომელსაც თქვენ არატრადიციულს ეძახით, მაგრამ ჩემი აზრით, აბსოლუტურად ტრადიციულია. არსებული ჩარჩოების გამო, მე მეზღუდება ძალიან ბევრი უფლება, მათ შორის ჩემი მეუღლე საქართველოს მოქალაქე არაა, მას არ აქვს უფლება და საშუალება, რომ გახდეს საქართველოს მოქალაქე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის ვერ ქორწინდება ჩემზე“, - კობა ბიწაძემ მომხსენებელს ზვიად ძიძიგურს შეკითხვა დაუსვა ამ შეზღუდვებით მისი აზრით, ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები?
მერაბ კაჭახიძემ ამაზე პასუხად კომიტეტის სხდობაზე განაცხადა, რომ „დღემდე ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში ოჯახები იქმნებოდა იმისთვის, რომ მერე ამ ოჯახებში შვილები დაიბადონ და გაიზარდონ“.
„რაც შეეხება ბატონს, წვერს რომ ატარებს და ოჯახი ვერ შეუქმნია, კობა ბიწაძეს, ვურჩევდი, თუ ასე გულმხურვალედ ხართ შეყვარებული თქვენს მეორე ნახევარზე, რომელთანაც ვერანაირად ვერ ახდენთ ამის ლეგალიზებას, წადით იმ ქვეყანაში, უცხოელია ხო?“ - მიმართა მერაბ კაჭახიძემ კობა ბიწაძეს.
დეპუტატს ბიწაძე გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ბიწაძე ამბობს, მისი მეუღლე რუსეთის მოქალაქეა, სადაც საქართველოზე უარესი მდგომარეობაა. „ცხადია, რამდენად დაცულია ჩემი უფლებები", - თქვა კობა ბიწაძემ. როგორც იგი აღნიშნავს, არჩევნები მოდის და ჰომოფობიური დამოკიდებულებებით დეპუტატები ლგბტ თემის ხმებს ვერასდროს მოიპოვებენ.