„კრწანისისკენ, იმ ნაკვეთზე, რომელიც ვიცით, რომ გაიყიდა, ინტენსიურად მუშაობს მერია“, - როგორც „პარტიზანმა მებაღემ“ ნატა ფერაძემ „ლიბერალს“ უთხრა, ისინი თავად იმყოფებოდნენ შინდისი/კრწანისის გზის მონაკვეთზე და წაქცეული ხეები ნახეს.
„გაკრულია აბრა, რომ მუშაობს მერიის კეთილმოწყობის სამსახური. დაახლოებით ერთი კვირის წინ ვიყავით და ეს ხეები, რაც ახლა ვნახე, ნამდვილად არ იყო წაქცეული. 20-მდე უზარმაზარი ხე ვნახე წაქცეული, რომელთა მოჭრის/გადარგვის ნებართვა გაცემული არაა. სრულიად ახალი წაქცეულია“, - ამბობს ნატა ფერაძე.
თანაინვესტირების ფონდმა მიიღო მონაწილეობა აუქციონში და დაფიქსირდა გამარჯვებულად, - განაცხადა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ 3 მაისს.
„ჩვენ გავაფორმებთ ხელშეკრულებას და დავიწყებთ შესრულებას პირობების. ეს არის ქალაქისთვის ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ ქალაქის მკვიდრებმა რეკრეაციული სივრცე მიიღონ. აუქციონს თან ახლდა პირობები, რომელიც არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებდა. განვახორციელებთ მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, ძველის შენარჩუნებას და ახლის დარგვას. საირიგაციო სისტემის მოწყობას. ნოყიერი ნიადაგის შეტანას, რადგან საქმე გვაქვს საკმაოდ გახრიოკებულ ნიადაგთან. შესაბამისი საექსპერტო დასკვნები შემუშავდება", - აცხადებდა ირაკლი ქარსელაძე, - „იქნება გათვალისწინებული სარბენი და ველობილიკები, სხვა რეკრეაციული ინფრასტრუქტურა. არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურის იდეაც. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება გოლფის მოედნის გაკეთება. ეს ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი".
ქარსელაძის თქმით, ფონდი ირიგაციის სისტემის მოწყობას და მტკვრიდან წყლის მიწოდებას გეგმავს.
ქარსელაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება იმის შესახებ, რომ 500-მდე ხე მოიჭრა. „394 ხეზეა საუბარი, მე რა ინფორმაციაც მაქვს", - აზუსტებს ქარსელაძე.
შეკითხვაზე - არის თუ არა პროექტი „პანორამა - თბილისის" ნაწილი? ქარსელაძე პასუხობს, რომ „პანორამა" ზოგადი სახელწოდებაა, ეს კონკრეტული ობიექტი კი მის შემადგენლობაში არ შედის.
აუქციონის პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა და აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო.
კერძო საინვესტიციო ფონდი (თანაინვესტირების ფონდი) 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა. ივანიშვილმა 2013 წელს განაცხადა, რომ თანაინვესტირების ფონდში სხვა ინვესტორების პარალელურად, საკუთარი ქონებიდან 1 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებას აპირებდა.