
არმაზ ახვლედიანმა პარტია „ქართული ოცნება“ და პოლიტსაბჭო დატოვა. განცხადება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ უკვე ყოფილმა წევრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი განმარტებით, პარტიამ ამოწურა ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ გადაქცეულიყო დემოკრატიულ პოლიტიკურ ორგანიზმად და ხელი შეეწყო პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს.
„ამასობაში კი მოახერხა ის, რომ აფერხებს პოლიტიკურ განვითარებას, აფერხებს დემოკრატიულ წინსვლას ქვეყნისა. ვშიშობ, რომ ყრილობა, რომელიც კარსმომდგარია, ამას უბრალოდ ხელს შეუწყობს. ფასადურობა, მოჩვენებითობა, რომელიც გამეფებულია „ქართულ ოცნებაში“, ყრილობაზე, ალბათ, უბრალოდ მიიღებს სხვა ხარისხს და ამის შემდეგ პარტია ყველა მანქანებით გადაერთვება იმ გზაზე, რომ ნებისმიერი საშუალებით მოიგოს არჩევნები. არჩევნებში გამარჯვება ასეთ პარტიას ნამდვილად არ შეუძია ნორმალურ, თანაბარ, დემოკრატიულ, კონკურენტუნარიან პირობებში, ამიტომაც იგი მიმართავს სხვა გზას, ჩვეულ გზებს და ამის საუკეთესო დემონსტრირება არის ის, თუ რა ადამიანებითაა დღეს პარტიის მმართველი ძალა დაკომპლექტებული. ისინი წლების განმავლობაში ახერხებდნენ, რომ გაეყალბებინათ, მოეტანათ შესაფერისი სასურველი შედეგი ხელმძღვანელებისთვის, ეთქვათ ყველაფერზე კი და არასდროს - არა“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მისივე განმარტებით, სწორედ ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო აღარ შეუძლია პარტიაში დარჩენა, მაგრამ ბრძოლას განაგრძობს იმ მოჯადოებული წრის დასარღვევად, რომელზეც ქართული პოლიტიკური სფექტრი მოძრაობს.
„ოცნება“ უკვე ახერხებს და ასნეულებს ერთიან ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს. ამიტომაც, მე არ შემიძლია ამ პარტიაში დარჩენა. გამოვდივარ პოლიტსაბჭოდან და განვაგრძობ ბრძოლას იმისთვის, რომ თანამოაზრეებთან ერთად ხელი შევუშალო ამ პროცესს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხერხდეს და დაირღვეს მოჯადოებული პოლიტიკური წრე, რომელზეც ტრიალებს საქართველო წლების განმავლობაში“, - ამბობს არმაზ ახვლედიანი.
არმაზ ახვლედიანს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა.
„თავისთავად ის ფაქტი, რომ არმაზ ახვლედიანი აღარ არის „ქართულ ოცნებაში“, ესეც არის იმის ნიშანი, რომ პარტია სერიოზულად მუშაობს გაჯანსაღებაზე. მათ შორის საკადრო მიმართულებით“ - განაცხადა კობახიძემ.