თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 მაისს „პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული კიდევ ორი პირი, იოსებ ხიმშიაშვილი და გიორგი ახობაძე 250-250 ლარით დააჯარიმა.
მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაჯარიმებულთა ადვოკატმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ნიკა სიმონიშვილმა „ლიბერალ;ს" უთხრა, რომ პოლიციამ დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულების სახით წარადგინა,ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანდა, რომ იოსებ ხიმშიაშვილი და გიორგი ახობაძე თავად კი არ უწევდნენ პოლიციელებს წინააღმდეგობას, არამედ იმ პირების უკან იდგნენ, ვინც წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, თუმცა სასამართლომ მათი დაჯარიმების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
ადვოკატის თქმით, ისინი მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
„პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველებმა სულ ექვსი პირი დააკავეს, მათგან ორს, კონსტანტინე გურულსა და ირაკლი კიკილაშვილს სასამართლომ იმავე დღეს, 7 მაისს 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ასევე, 250 ლარით დაჯარიმდა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც.
ამავე აქციაზე დაკავებული ნატა ფერაძის პროცესი (რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს) თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.