Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლო: სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ფაქტი

16 მაისი, 2016 11:41

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია წინასწარი შეთანხმებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით  საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ფაქტი და ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 

„2016 წლის 16 მაისს,  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დამნაშავედ ცნო  თავდაცვის სამინისტროს  მაღალჩინოსნები ა.ა.,  გ.ლ.,  ნ.კ., გ.ღ., დ.წ.  და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.   სასაჯელის სახედ და ზომად ბრალდებულებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მათვე 2 წლის ვადით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.    

ბრალდებულებს ბრალად ედებოდათ  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა. 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიზრახეს სს „სილქნეტის“ სასარგებლოდ, სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა. დანაშაულებრივი განზრახვის დაფარვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნათა უგულვებელყოფით, გადაწყვიტეს ფიქტიურად მოეხდინათ ბაზრის კვლევა, მიმწოდებლის მოძიება, შესაძენი ქონების, საქონლის, მომსახურების პირობებისა და ღირებულების დადგენა.  ამ მიზნით, ნ.კ-მ და დ.წ.-მ აცნობეს გ.ღ-ს, რომ საჭირო იყო დ.წ.-ს მიერ მომზადებული ტექნიკური პირობების მიხედვით თბილისი-კოჯორი-წალკა-ახალქალაქი-ახალციხე-ხულო-ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანა, ქსელური აპარატურის შეძენა და მონტაჟი. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა საქართველოში მოქმედ 9 კომპანიას გაუგზავნა იდენტური მოთხოვნები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში ტექნიკური პირობების მიხედვით ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მიყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენისა და მონტაჟის შესახებ და განუსაზღვრა ვადა წინადადებების წარმოსადგენად.

 დათქმულ დროს კომპანიებმა: შპს „სპეცკავშირმშენმა“, შპს „დელტა კომმა“, შპს „ოპტიკ ლაინმა“ და ს.ს. „სილქნეტმა“ მოახერხეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის აგების შესახებ წინადადებების წარდგენა. აღნიშნული კომპანიებიდან მხოლოდ შპს „სპეცკავშირმშენმა“ და შპს „ოპტიკ ლაინმა“ შეძლეს შედარებით დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა, რადგან აღნიშნული მიმართულებებით მათ წინასწარ ჰქონდათ მოკვლევა ჩატარებული, ხოლო დანარჩენმა ორმა კომპანიამ მოთხოვნის მიუხედავად მიუთითა მხოლოდ ზოგადი ხარჯთაღრიცხვა. 

2013 წლის 05 სექტემბერს, ბრალდებულებისა და თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლების მონაწილეობით, 17:00 საათზე, თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე პრეტენდენტებთან ერთად გამოცხადდა მხოლოდ შემოთავაზებული ფასები, იმავე თარიღით შედგა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაგისტრალური ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის და აპარატურული უზრუნველყოფის შემოთავაზების გახსნის ოქმი, რომლის მიხედვითაც თითქოს წინადადებები გაიხსნა ტრანსპარანტული წესების დაცვით და გადაიხედა წარმომადგენლების თანდასწრებით. რეალურად კი წინადადებები უკვე გახსნილი იყო და პრეტენდენტებს მიუხედავად მათი მოთხოვნისა არ გააცნეს ერთმანეთის შეთავაზებები

სს „სილქნეტმა“ სხვა კომპანიებთან შედარებით დაბალი ფასი დააფიქსირა, რადგან მის მიერ შეთავაზებული წინადადებები არ შეესაბამებოდა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნას. შპს „დელტაკომს“ თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი მიმართულებების დიდ ნაწილზე უკვე გააჩნდა თავისუფალი გამოუყენებელი წვერები და დარჩენილი ნაწილის მშენებლობასაც ასრულებდა თავისი ხარჯებით, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციებს მიზერულ ფასად, ხშირ შემთხვევაში უფასოდაც კი აწვდიდა ქონებას. ამასთანავე,   ნ.კ.-სთვის ცნობილი იყო რომ შპს „სპეცკავშირმშენიც“ უსასყიდლოდ სთავაზობდა სამინისტროს  საჭირო წვერებს. 

მიუხედავად ამისა, ბრალდებულებმა ა.ა-მ, გ.ზ.-მ და გ.ლ.-მ შეადგინეს მოხსენებითი ბარათი და თავდაცვის მინისტრის მოადგილისგან ითხოვეს ნებართვა, თითქოსდა გამარჯვებულ კომპანია სს „სილქნეტთან” ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.  შედეგად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს“ ჯამში უნდა გადაუხადოს 6 720 877.42 ლარი და სანაცვლოდ მიიღოს  მხოლოდ  2 618 004.82 ლარის ღირებულების ქონება/საქონელი/მომსახურება. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაფლანგეს მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული,  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872.6 ლარი.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია წინასწარი შეთანხმებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით  საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი და ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 50 სასამართლო პროცესი. დაიკითხა ბრალდების 67 და დაცვის 10 მოწმე,  ასევე, თავად ბრალდებულები. 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^