
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ინიცირებული პროექტი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტის ავტორი დეპუტატი ვახტანგ ხმალაძეა.
პროექტის თანახმად, შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემის ფარგლებში იცვლება მანდატების განაწილების წესი, კერძოდ, „საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია არა მაჟორიტარული სისტემით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობისა და პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის (რომელიც განისაზღვრება ამ სიის მიერ მიღებული ხმების პროცენტით) ჯამისა, არამედ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო მისმა პარტიულმა სიამ“.
განმარტებითი ბარათის თანახმად, საკუთრივ პარტიულ სიას მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა ტოლია ამ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი ზემოაღნიშნული მანდატების რაოდენობისა და მაჟორიტარული წესით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობის სხვაობისა.
„ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ მაჟორიტარული წესით უფრო მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე მას ეკუთვნის მიღებული ხმების პროპორციის შესაბამისად, მის პარტიულ სიას მანდატი აღარ მიეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში მანდატების ეს ნამეტი 2 გამოაკლდება მანდატების სრულ რაოდენობას (150-ს) და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღუბლგადალახულ სუბიექტებს შორის“ - ვკითხულობთ პროექტის განმატებით ბარათში.
პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი მაჟორიტარული სისტემით მანდატებს ის პარტიები მოიპოვებენ, რომლებმაც საარჩევნო ზღურბლი ვერ გადალახეს, მანდატების ეს რაოდენობა, ისევე, როგორც მანდატების ნამეტი, მანდატების სრულ რაოდენობას - 150-ს გამოაკლდება და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღუბლგადალახულ სუბიექტებს შორის.
„მიღებული ხმების პროცენტის შესაბამისად მიღებული მანდატების რაოდენობის განსაზღვრისას გამოიყენება საარჩევნო კვოტის პრინციპი, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები განაწილდება უდიდესი ნაშთის მიხედვით“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა გადალახა საარჩევნო ზღურბლი, მაგრამ როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით მოიპოვა 6-ზე ნაკლები მანდატი, მას მიეკუთვნება დამატებითი მანდატები 6-მდე შესავსებად, რისთვისაც თითო მანდატი რიგრიგობით დააკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც სხვა სუბიექტების მანდატების რაოდენობაზე ნაკლები, მაგრამ 7-ზე მეტია.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი მდგომარეობის შექმნის ალბათობა ძალიან მცირეა – ასეთი ვითარება შეიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 30-ზე მეტ საარჩევნო ოლქში გაიმარჯვეს იმ პარტიების კანდიდატებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი.
ავტორთა განმარტებით, უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი პროექტი არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარდგენას მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.
„ასე რომ არ იყოს, დაირღვევა წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის მთავარი პრინციპი – მიღებული მანდატების რაოდენობა პროპორციულია მიღებული ხმებისა“ - აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები.
პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2016 წის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, შესაბამისად, 2016 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმართ მაღალია არა მხოლოდ საქართველოს ამომრჩევლის ინტერესი, არამედ დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოებისაც.
მათი თქმით, მომავალ პარლამენტში პარტიათა სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, „რის შესაძლებლობასაც არსებული საარჩევნო სისტემა არ იძლევა“, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა არის იმის წინაპირობა, რომ ამომრჩევლის ნების პროპორციულად განაწილდეს მანდატები
„წინამდებარე საკანონმდებლო ინიციატივა განპირობებულია, აგრეთვე, ფართო პოლიტიკური სპექტრის პოზიციითაც. პოლიტიკურ პარტიათა უმეტესი ნაწილი გამოხატავს სურვილს და მზაობას იმისათვის, რომ სწორედ წარმოდგენილი საარჩევნო სისტემით ჩატარდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩვენები. პოლიტიკური სპექტრის მიერ გამოხატული პოზიცია ადასტურებს იმას, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების არსებულ ეტაპზე, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ პარლამენტი იყოს ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნების ადეკვატურად დაკომპლექტებული, რაც, თავის მხრივ, შექმნის ქვეყნის სტრაბილური განვითარების გარანტიებს“ - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.