
„ნაციონალური მოძრაობის“ ძლიერი მხარე იქნება სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება, - ასე აფასებს „ლიბერალთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ნოდია „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის შემადგენლობას.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა უნდა მისცეს მან, ვინც მიიჩნევს, რომ მათი 9-წლიანი გამოცდილება უკეთესია, ვიდრე „ქართული ოცნების“ 4-წლიანი გამოცდილება, „ვინც პირიქით ფიქრობს, მაშინ „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცეს ხმა. ვინც მიიჩნევს, რომ ყოვლად უვარგისი იყო ერთიცა და მეორეც, მაშინ ვიღაც მესამეს უნდა მისცეს ხმა“, - ამბობს ნოდია.
მისი თქმით, გასაგებია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება განახლება და ის ახლა უკვე საკმაოდ განახლებულია. „ბევრი ადამიანი, რომელიც მანამდე არ იყო წინა ხაზზე ან ლიდერებს შორის, ახლა პირველ ათეულშია“.
ნოდიას შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სჭირდება, გაემიჯონს თავის წარსულს.
„თითქოს ეს პირველი ათეული სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო, რომ თითქოს ისინი წარსულს ემიჯნებიან. არ მიმაჩნია, რომ ამ შემადგენლობით ისინი წარსულს ემიჯნებიან, არც უნდა გაემიჯნონ. თუ ისინი წარსულს ემიჯნებიან, მაშინ გამოდის, რომ ახალი პარტიაა და როგორც ახალი პოლიტიკური გუნდი, ისე უნდა განვიხილოთ“.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ათეული ელექტორატზე გათვლილი, ნოდია ამბობს, რომ პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა ელექტორატის რაღაც ნაწილს ეს ცვლილებები მოეწონება.
„კერძოდ, ის, რომ ეს ათეული აშკარად ორიენტირებულია კომპეტენციაზე, გამოცდილი ადამიანები არიან, ხელისუფლებაში ყოფნის და პოლიტიკური გამოცდილება ყველას აქვს. აქ არ არიან მოჭიდავეები, მსახიობები, მეცნიერები, ისეთი არაპოლიტიკური ფიგურები, რითაც სხვადასხვა პარტია ხშირად ცდილობს, მოხიბლოს ამომრჩეველი. ეს არის, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი უპირატესობა. ეს მოასწავებს იმას, რომ სწორედ გამოცდილება და კომპეტენცია იქნება ის ძირითადი მოტივი სარჩევნო კამპანიისა, რითაც ისინი შეეცდებიან მიიზიდონ ამომრჩევლები “, - ამბობს ნოდია.