პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ დღის წესრიგში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტია შესული. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სასულიერო პირთა უკმაყოფილებას იწვევს და კომიტეტის სხდომაზე დასწრების მიზეზი, სწორედ, ეს არის.
კანონპროექტის თანახმად, ოჯახში ბავშვზე ძალადობის დროს, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის, ხოლო ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბავშვი შესაძლოა, განცალკევდეს მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან.
როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, მშობლისგან, კანონიერი წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან ბავშვის განცალკევება, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, წარმოადგენს უკიდურეს ზომას. ბავშვის აზრი იმის შესახებ, თუ სად განთავსდება იგი, უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, მსხვერპლის გამოკითხვას, შემთხვევის შეფასებას და ბავშვის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის განცალკევების შესახებ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით გაწერილი წესის შესაბამისად. სოციალური მუშაკი განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, დავით ისაკაძე „ლიბერალთან" იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, რის გამოც, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის" შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებს ეწინააღმდეგება.
„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ კომიტეტმა აღნიშნული საკითხის განხილვა გადადო.
ფოტო: ნათია ამირანაშვილი