თბილისში ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მე-3, 36-ე, 213-ე და 144-ე ბაგა-ბაღების დირექტორებმა გათავისუფლების შესახებ ბრძანება 18 მაისს მიიღეს.
როგორც „ლიბერალს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუმარტეს, ოთხივე ბაგა-ბაღის დირექტორი თანამდებობიდან განმეორებითი დარღვევის გამოვლენის გამო გაათავისუფლეს.
თამარ ვაჭრიძე, მე-3 ბაღის ყოფილი დირექტორი, რომელიც ბაღს 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რადგან მისი პოლიტიკური ხედვა სააგენტოს ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ხედვას არ ემთხვეოდა.
მისი თქმით, პირველად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური მე-3 ბაღში მიმდინარე წლის თებერვალში შევიდა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა დარღვევა, რომ ჟურნალში სამეურნეო საქონლის აღრიცხვა არ ხდებოდა.
„მარტში გაფრთხილება მივიღე იმის გამო, რომ ბაღის მნეს, ჟურნალში გატარებული არ ჰქონდა სამეურნეო საქონელი, რომელიც, რეალურად, ბაღშივე იყო, უბრალოდ, ჟურნალში არ იყო გატარებული. არავის უთქვამს, რომ რაიმე ღონისძიება გამეტარებინა, მაგალითად, გამეფრთხილებინა მნე, პირდაპირ მივიღე სასტიკი საყვედური. საყვედურის შემდეგ სახალხო დამცველს მივმართე, რომ საქმეზე მოკვლევა დაწყებულიყო. სახალხო დამცველის აპარატში საქმე მიიღეს და ახლაც მოკვლევა მიმდინარეობს. ამის შემდეგ, აპრილში სააგენტოდან გამოგზავნეს 7-კაციანი მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პერიოდულად, ყოველკვირეულად შემოწმებაზე დადიოდა.“
თამარ ვაჭრიძის თქმით, მისი დირექტორად ხუთწლიანი მუშაობის განმავლობაში მსგავსი შემოწმება ბაღში არ ყოფილა, მონიტორინგის ჯგუფმა ბოლო 5 წლის მონაცემები გადაამოწმა, მისი თქმით, ამ რაოდენობის დოკუმენტები ბაღში ერთად არასდროს შემოწმებულა. ვაჭრიძე ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, იმ პერიოდში მსგავსი ტიპის შემოწმება სხვა ბაღებში არ ყოფილა,- „მხოლოდ იმ დირექტორებთან შედიოდნენ, რომლებიც მიზანში ჰყავდათ ამოღებული. ვისი პოლიტიკური შეხედულებაც მათთვის მისაღები არ იყო. ყველაფერს ამოწმებდნენ. მაგალითად, შემოწმებისას ბავშვების ერთსა და იმავე ჯგუფს ითვლიდნენ სამჯერ-ოთხჯერ. ბავშვები შეშინდნენ, რის გამოც მშობლები აღშფოთდნენ და ბაღების სააგენტოს განცხადებით მიმართეს. უკვე 20 დღეა გასული და პასუხი ამასთან დაკავშირებით, ჯერაც არ მოსულა.“
თამარ ვაჭრიძე ამბობს, რომ პირველ შემთხვევაში, როცა საყვედური მიიღო თავისი არგუმენტები წერილობითი სახით სააგენტოს გადაუგზავნა, ბოლო მონიტორინგის დასკვნის თაობაზე კი ამის საშუალება აღარ მიეცა, რადგან მონიტორინგის დასკვნა და გათავისუფლების ბრძანება 18 მაისს ერთად მიიღო.
მისი თქმით, აპრილიდან მაისამდე პერიოდში, როცა მონიტორინგის სამსახური პერიოდულად შედიოდა ბაღში, მას აშანტაჟებდნენ , - „პირად საუბრებში მეუბნებოდნენ, რომ უნდა დამეწერა განცხადება და წავსულიყავი. ზოგი მეგობრულად მირჩევდა, ზოგიც მაშინებდა. ბევრი დირექტორი დააშინეს ასე და დააწერინეს განცხადებები. მე არ დავწერე განცხადება და მივმართე სახალხო დამცველს, რის შემდეგაც უფრო მეტი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარეს, შედეგი იყო ის, რომ თანამდებობიდან გამათავისუფლეს", - ამბობს ვაჭრიძე.
ვაჭრიძე აპირებს უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართოს.
სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ, „ლიბერალთან“ საუბრისას ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ბაღების დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
თორდინავას თქმით, მე-3 ბაღის შემთხვევაში პირველი დარღვევა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოვლინდა, რის შემდეგაც ბაღის დირექტორი გააფრთხილეს. დარღვევა სამეურვეო საქონლის მიმართულებით აღმოჩენილ დანაკლისს შეეხებოდა. თორდინავას თქმით, განმეორებითი შემოწმება გარკვეული დროის შემდგომ მოხდა. ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებისას ასევე გამოიკვეთა დარღვევები.
36-ე ბაგა-ბაღის შემთხვევაში კი, მისი თქმით, ბაღში პირველი დარღვევა საკრებულოს სარევიზიო კომისიამ დაახლოებით ერთი წლის წინ გამოავლინა, რის გამოც ბაღის დირექტორმა საყვედური მიიღო. ბაღში მეორე დარღვევა მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების შედეგად დადგინდა. თორდინავას თქმით, სწორედ ეს ორი დასკვნა გახდა მიზეზი დირექტორის გათავისუფლებისა.
რაც შეეხება 144-ე და 213-ე ბაღებს, თორდინავას თქმით, ამ შემთხვევაშიც დარღვევები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა. უფრო კონკრეტულად კი, დარღვევები გამოვლინდა ფინანსურ ნაწილში, სამეურნეო და კვების ბლოკებში და აქაც საქმე განმეორებით აღმოჩენილ დარღვევებს შეეხებოდა.
„არც ერთი ბაღის დირექტორი არ გათავისუფლებულა ერთგვაროვანი დარღვევის გამო, ეს იყო სხვადასხვა ტიპის დარღვევები. აღსანიშნავია, რომ ოთხივე დირექტორი გათავისუფლდა განმეორებითი დარღვევის საფუძველზე. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, არც ერთი საბავშვო ბაღის დირექტორი არ გათავისუფლებულა პოლიტიკური ნიშნით", - თქვა თემურ თორდინავამ.
მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში თბილისის მერიის შიდა აუდიტის დასკვნით, თანამდებობიდან თბილისის 9 ბაგა-ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს. აუდიტი ყველა გათავისუფლებულ დირექტორს თანხის არამართებულ ხარჯვას ედავებოდა.