დღეს ეროვნული მუზეუმის წინ არასამთავროობო ორგანიზაციების აქცია გაიმართა, სადაც მონაწილეებმა "პანორამა თბილისის" მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
აქციის მონაწილის, ელენე მარგველაშვილის თქმით, “პანორამა თბილისის" მშნებელობა თბილისისთვის ყველაზე ძვირფასს, კულტურულ მემკვიდრეობასა და ლანდშაფტს ემუქრება.
“ჩვენ ვართ მოქალაქეები, რომლებიც წელიწადზე მეტია ვაპროტესტებთ პანორამას მშენებლობას. ძალიან ბევრი კანონდარღვევა იყო ამ პროექტის დამტკიცების პროცესში. მის განხილვაში საზოგადოების წევრები სათანადოდ ჩართულები არ ვიყავით”.
აქციის პარალელურად ეროვნული მუზეუმის შენობაში საქართველოს "თანაინვესტირების ფონდსა" და საერთაშორისო ქსელ Marriott-ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და სახელისუფლებო სტრუქტურების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ შეხვედრა ამ სივრცეში(ეროვნულ მუზეუმში) შედგა, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ და შევუნახოთ მომავალ თაობებს ის, რითიც საქართველოს ავთენტურობას ვინარჩუნებთ”, - ამ სიტყვებით დაიწყო გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა. Marriot დაინტერესდა თანაინვესტირების ფონდის მერ დაწყებული ნახევარმილიარდიანი პროექტით - მშენებარე 3 სასტუმროთი, რომელთაგანაც ერთ-ერთი “პანორამა თბილისია”.
“ქვეყანას შეემატება უმაღლესი ხარისხის სასტუმროები, რაც დადებითად იმოქმედებს მის იმიჯზე,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეროვნული მუზეუმის წინ გამართული აქციის წევრები აცხადებდნენ, რომ ამ შენობაში გამართული შეხვედრა, რომელსაც ამერიკის სავაჭრო პალატის და საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოქალაქეების ზურგს უკან დაიგეგმა და მათ სრულიად შემთხვევით შეიტყვეს დღევანდელი ღონისძიების შესახებ. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ქალაქის მერის და პრემიერ-მინისტრისგან პასუხს “პანორამა თბილისთან” დაკავშირებულ კითხვებზე.
“ჩვენ ვთვლით, რომ პანორამა იქნება ისეთი ზიანი ქვეყნისთვის, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებთ.”
აქციის მონაწილეებს დავით ნარმანიასთან და გიორგი კვირიკაშვილთან შეხედრა სურდათ. მათ სცადეს, აქცია მუზეუმის გასასვლელთან გაემართათ, რათა ღონისძიების სტუმრებს შენობის დატოვებისას მათი ტრანსფარანტები და შეძახილები მოესმინათ, თუმცა ეროვნული მუზეუმის დაცვამ ამის საშუალება არ მისცა. სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ისე დატოვეს ტერიტორია, რომ დემონსტრანტებმა მათთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.
“ნარმანიამ გაიარა და გაგვიღიმა. ყველას ეცინება ახალგაზრდები რომ ვდგავართ და ვაპროტესტებთ. მთავარი ამ ხალხსითვის ფულია და არა საზოგადოება. მათი უფლებები არ აინტერესებთ. გამოდიან დაგვციანიან, მაგრამ ჩვენ მაინც გავაპროტესტებთ იმიტომ, რომ ჩვენნაირ პატარა ჯგუფებზეა დამოკიდებული ბევრი რამე. იქნებ ვიღაცამ მოგვაქციოს ყურადღება”, - ამბობს აქციის მონაწილე, მანანა არაბული.