"ეს იყო დარბევა, ისეთივე, როგორ გარდაბანაში, ოღონდ აქ უფრო ფართომასშტაბიანი და აგრესიული იყო. მოიყვანეს სპორტსმენები, მათ საარჩევნო პროცესთან არანაირი საერთო არ ჰქონდათ. დილიდან აგრესიულები იყვნენ, ბოლოს, როგორც ჩანს, სიგნალი მიიღეს, რომ არჩევნებს აგებდნენ და პირდაპირ ფიზიკურ თავდასხმაზე გადმოვიდნენ. ეს იყო ფიზიკურად კარგად მომზადებული ჯგუფი, რომელიც დრინებით და კასტეტებით იყო შეიარაღებული",- ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კორცხელის #53-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.
მისი ინფორმაციით, არანაირი სიტყვიერი შელაპარაკება არ მომხდარა. ეს პირები დილიდან საარჩევნო უბანთან იყვნენ და აგრესიულ კომენტარებს აკეთებდნენ, "ამბობდნენ, თქვენი აქ ნახვა არ გვინდაო". როგორც ბოკერიამ "ლიბერალს" განუცხადა, ისინი არც პარტიული მუშაკები იყვნენ და არც საარჩევნო პროცესის მონაწილეები. მისი თქმით, მათ იქ მყოფი პოლიციელებისა და თანამდებობის პირების, მათ შორის "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გაფრთხილება სცადეს. თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.
"როგორც ჩანს, ეს მათივე დაკოორდინირებული იყო. მათ არაფერი გაუკეთებიათ და ამ წამამდე ეს ადამიანები იქ არიან და ასეთ ქმედებებს აგრძელებენ. ჩვენ სანამ იქ ვიყავით, პოლიციას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და როგორც ვიგებთ, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან იგივე ხალხი დგას და ამომრჩეველს აშინებს. პოოლიცია არა თუ არ აკავებს ამ ხალხს, ამ ტერიტორიიდანაც არ გაჰყავს. ჩვენ ვნახეთ უმოქმედობა, რომელიც თანამონაწილეობის ტოლფასია".
გიგა ბოკერიას ინფორმაციით, იგივე ვითარებაა გარდაბანშიც, სადაც ასეთივე პირები მოძრაობდა ქალაქის მასშტაბით.
"ისინი კუნთმაგარი, აშკარად კრიმინალურად განწყობილი ახალგაზრდები არიან. რომლებიც მითითებებით ჩამოვიდნენ და ამისთვის არიან დაორგანიზებულები",- აცხადებს ბოკერია "ლიბერალთან".
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც სერიოზული დაზიანებები მიიღეს და ერთი ადამიანი მის თვალწინ წაიყვანეს საავადმყოფოში.
გიგა ბოკერიას თქმით, ისინი საარჩევნო უბანთან ახლოს არიან, მაგრამ მომხდარიდან გამომდინარე უბანზე გაჩერება ამ დროისთვის ფიზიკურად შეუძლებელია. მისი ინფორმაციით, თავიანთ კოორდინატორებს მოუწოდეს, ამ სააჩევნო უბანზე არ მივიდნენ, რადგან მათ ვერავინ დაიცავს.
გიგა ბოკერია მომხდარს "ქართული ოცნების" ისტერიულ აგონიას უწოდებს, რადგან, მისი თქმით, ამ უბანზე "ნაციონალურ მოძრაობას" ტრადიციულად მაღალი მხარდაჭერა აქვს.
"მიზანი საარჩევნო პროცესის ხელის შეშლა და დაშინება იყო. ამომრჩევლები ხომ უნდა მივიდნენ და ხმა მისცენ. როცა შიშის განწყობაა, რთულია ნორმალური საარჩევნო პროცესის ჩატარება. სხვა ახსნა ამას არ აქვს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილს ოქტომბერში არ უშველის, იმიტომ, რომ ქვეყნის მასშტაბით ამას ვერ იზამენ. უბრალოდ საფრთხეს უქმნიან ჩვენს ქვეყანას. ამ ტიპის ნაბიჯები ძალადობისა და უამრავი რამის საფრთხეს ზრდის".