„აუდიტორია 115--ის" სტუდენტები თსუ-ს სტუდნტური თვითმმართველობის ოთახთან, 213-ე აუდიტორიასთან რჩებიან.
როგორც სტუდენტი ნათია ქარჩილაძე „ლიბერალთან" საუბარში განმარტავს, ხვალ „აუდიტორია 115" აქციის გამართვას გეგმავს.
„დღეს ღამით ვრჩებით 213-ე აუდიტორიასთან,რომელიც თვითმმართველობას უკავია, რათა არ მივცეთ მათ საშუალება, ხვალ დილით გააგრძელონ თავიანთი ძალადობრივი, პრივილეგირებული საქმიანობა. ხვალ 6 საათამდე ვაძლევთ სახელმწიფოს დროს, რომ გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და გააუქმონ სტუდენტური თვითმმართველობები. ასევე 6 საათისთვის ვაანონსებთ აქციას მოძალადე თვითმმართველობების გაუქმების მოთხოვნით" - ამბობს სტუდენტი.
„აუდიტორია 115-ის" განცხადებაში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
„მათ ვერ მოახერხეს ამ დროის განმავლობაში ის, რომ ძალადობრივი დაჯგუფებები მოეშორებინა უნივერსიტეტიდან... იმ შემთხვევაში, თუ მაღალი რანგის საჯარო პირები ამ დრომდე არ გააკეთებენ ოფიციალურ განცხადებას, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის რადიკალურ ქმედებებზე. თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია" - ნათქვამია განცხადებაში.
სტუდენტი ცოტნე ცხვედიანი ყვება, რომ თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა სცემეს.
„მოვდიოდი ლექციიდან, შემხვდა თვითმმართველობის 2 წარმომადგენელი. ჯერ აგრესიულად მომმართეს. როცა ვცადე გამერკვია, რა უნდოდათ ჩემგან, აგრესიაზე გადმოვიდნენ. ხელი დამარტყეს და შემდეგ უკვე მოვიდა 20-მდე ადამიანი. უკვე როცა მორჩა ჩხუბი, ზოგიერთი მას მერეც მოდიოდა და ცდილობდა, ჩემთვის ფიზიკური შეურახყოფა მოეენებინა. სამწუხაროდ არ ვიცი მათი სახელები და სახელებს ვერ დავასახელებ. კადრებზე ყველაფერი ჩანს“ - ამბობს ცხვედიანი.
თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბახტურიძე, რომელსაც „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტები ცოტნე ცხვედიანზე თავდასხმაში ადანაშაულებენ, ამბობს რომ ცხვედიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენა.