„თუკი უმრავლესობის დეპუტატის პიჯაკის შეურაცხყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით. მე მაქვს კითხვა: 20 კაცის მიერ პარლამენტის წევრების, ოპოზიციური პარტიის ლიდერების ფეხქვეშ გაგდება, ცემა-ტყეპა მთელი მსოფლიოს დასანახად ისჯება თუ არა?“ - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრაქცია „რესპუბლიკელების" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ბერძენიშვილი კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
„როგორ არის საქმე - ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს თუ მელიას ჯანმრთელობა?! საერთოდ, ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა პატივისცემას. არ მინდა სიტყვა სპორტსმენი გამოვიყენო იმ ჯალათების მიმართ, რომლებიც თურმე სპორტსაც ემსახურებიან. არანაირი სპორტსმენები ისინი არ არიან, დაივიწყეთ. სპორტსმენი არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და პატივსაცემი პროფესია. კაცი, რომელიც ჩავა, თუნდაც ძალიან დიდი გულშემატკივარი იყოს ამა თუ იმ პარტიის, რათა ვინმე სცემოს, ის სპორტსმენი არ არის. ის სხვა შეფასებას იმსახურებს. მე არ ვარ სასამართლო, მაგრამ ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
გუშინ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს. ჯერჯერობით არც ერთი პირი არ არის დაკაკავებული.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში „ლიბერალს" უთხრეს, გუშინ სამინისტროს შენობასთან მისული სპორტსმენები გამოკითხეს, რის შემდეგაც, მათ პოლიციის შენობა დატოვეს.