
სასტუმრო „ბუდაპეშტის" მშენებლობის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გასაჩივრდება - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურში ადასტურებენ.
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიიჩნია ზემოაღნიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების (საქმე N3/485-14) სააპელაციო წესით გასაჩივრება." - განმარტავენ მერიაში.
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის" მშენებლობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით, ბათილადაა ცნობილი მშენებლობის ნებართვა და სპეციალური ზონალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს მშენებლობა გახდა ნებადართული. საქმე საკითხის გადაუწყვეტლად და თავიდან განსახილველად თბილისის მერიას უკან დაუბრუნდა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გაიმართა თუ არა ამ საკითხზე ხელახალი მსჯელობა ან შედგა თუ არა მოლაპარაკება ინვესტორ კომპანიასთან.
ვაკის პარკის დამცველების შუალედური გამარჯვება
მერიის წარმომადგენლებმა სასამართლოშიც და სამოქალაქო საზოგადოებისგანაც რამდენჯერმე ითხოვეს დროის მიცემა იმისთვის, რომ ინვესტორთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმებულიყვნენ. თუმცა „ტიფლის ბიზნეს ჯგუფის" ხელმძღვანელი გოგა ზაქაიძე რამდენიმე თვის წინ მედიასთან აცხადებდა, რომ მას მიწის ნაკვეთის ვარკეთილსა და ვაზისუბანში არსებულ მიწის ნაკვეთებში გაცვლას აიძულებდნენ, რაზეც ის არ დათანხმდა. მიწის დათმობის სანაცვლოდ კომპანია მერიისგან კომპანია 11 მილიონ დოლარს ითხოვდა. როგორც ზაქაიძე ამბობდა, ამ თანხიდან 3 მლნ დოლარი მიწის ნაკვეთის ღირებულება იყო, 7 მლნ - სავარაუდო მოგება და 1 მილიონიც - სამუშაოების შეჩერებით გამოწვეული ზარალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამბობდნენ, რომ მიმართავდნენ სასამართლოს და უკვე 30 მილიონ დოლარს მოითხოვდნენ.
შედგა თუ არა მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან? გამორიცხულია თუ არა, რომ ქალაქის მერიას კომპანიისთვის ზარალის ანაზღაურება დაეკისროს? იმსჯელა თუ არა შესაბამისმა კომისიამ/სამსახურმა სასამართლოს მიერ გაუქმებული ნებართვების შესახებ თავიდან და გადაწყდა თუ არა ეს საქმე უარყოფითად, თუ საქმე კვლავ ღიადაა დარჩენილი, ნიშნავს თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმა იმას, რომ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" არ აშენდება - ამ კითხვებით „ლიბერალმა" მერიას უკვე მიმართა და პასუხებს იურიდიული სამსახურისგან ხვალ ელოდება.