„მიგვაჩნია რა, რომ „სტუდია მაესტროს“ გადაცემები „ბიზნესკონტაქტი“, „ანალიტიკა“ და „საქმიანი დილა“ წარმოადგენს საზოგადოების (მაესტროს) კომერციულ და ინტელექტუალურ საკუთრებას და ასევე მიგვაჩნია რა, რომ ამ გადაცემების ფინანსური და სარედაქციო მართვა არის საზოგადოების იმპერატიული უფლება, დაუშვებლად მიგვაჩნია ამ მიმართებით „მაესტროსთან“ რაიმე ულტიმატუმის ენით საუბარი.
იმის გამო, რომ საზოგადოების დღევანდელი ხელმძღვანელობის ხედვა გადაცემების „ბიზნესკონტაქტი“, „ანალიტიკა“ და „საქმიანი დილა“-ს ე.წ. აუთსორსზე გაყვანასთან დაკავშირებით არ შეესაბამება თქვენს, გიორგი ისაკაძის, როგორც ამ ტელეპროექტების ხელმძღვანელის, ხედვებს და ასევე სამომავლო გეგმებს. მე როგორც კომპანიის დირექტორი ვიღებ შემდეგ გადაწყვეტილებას: მიმდინარე წლის 1 ივნისიდან შპს „სტუდია მაესტრო“ ცალმხრივად წყვეტს 2014 წლის 10 ივლისს ჩვენს შორის გაფორმებულ შრომითი ხელშეკრულების მოქმედებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის საფუძველზეც ჟურნალი „ფორბსის“ რედაქტორი გიორგი ისაკაძე ტელეკომპანია „მაესტროდან“ გაათავისუფლეს.
როგორც გიორგი ისაკაძე განმარტავს, ეს განცხადება, რომელიც მან ელექტრონული ფოსტით მიიღო, არ იყო მისთვის სიურპრიზი, რადგან მანამდე ჰქონდა შეხვედრა „მაესტროს“ გენერალურ დირექტორ ზურაბ ნაყეურთან, ამ საკითხთან დაკავშირებით.
ისაკაძე ასევე განმარტავს, რომ ძირითადი მიზეზი გათავისუფლებისა გახდა მისი და „ბიზნესკონტაქტის“ გუნდის სურვილი, გასულიყვნენ ე.წ. აუთსორსზე და ამით უზრუნველეყოთ სარედაქციო დამოუკიდებლობა.
ისაკაძე მოუწოდებს „ბიზნესკონტაქტის“ გუნდს, არ დატოვონ „მაესტრო“.
„მე არ მაქვს უფლება, რომ ამ გადაცემის პროდუსერებს, ოპერატორებს წამყვანებს ეს მოვთხოვო, მაგრამ ჩემი დაბეჯითებითი სურვილია, რომ პროექტებმა გააგრძელოს ეთერში ყოფნა, მე ეს პროექტები დახურვისთვის არ შემიქმნია. თუ ამას სწორად გადახარშავს მაესტროზე არსებული ბიზნესგუნდი, მე მგონია, რომ ისინი სწორ და საღ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ცხადია, ეს არის ჩემი მხოლოდ და მხოლოდ დაბეჯითებითი სურვილი.