დღეს სახალხო დამცველმა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოში მოქმედ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში 2015 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 12 სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წარმოებული მონიტორინგის შედეგებს ასახავს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ვიზიტებისას მონიტორინგის ჯგუფმა არაერთი შეტყობინება მიიღო პაციენტთა მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ.
ა. ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო
საავადმყოფოში 8 პაციენტმა მიუთითა, რომ მათზე ფიზიკურად ექთანის თანაშემწეები (სანიტრები) ძალადობდნენ. გამოკითხული პაციენტები განმარტავენ, რომ სანიტრები ხელით და ჯოხებით სცემდნენ. პაციენტების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ფიზიკური ძალადობა პაციენტებს შორისაც ხდებოდა.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, გამოკითხული პაციენტებიდან სამს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა, კერძოდ, სილურჯეები და სისხლჩაქცევები.
თუმცა ზემოაღნიშნული დაზიანებები არ იყო დაფიქსირებული პაციენტთა სამედიცინო დოკუმენტაციაში. აღსანიშნავია ისიც, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ექთნების ოთახში, კარადასა და კედელს შორის პაციენტების მიერ ნახსენები ჯოხები აღმოაჩინეს, რომლითაც სავარაუდოდ პაციენტებს სცემდნენ.
შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, აღნიშნულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებობს პაციენტების მიმართ სისტემატური ძალადობის მაღალი რისკი. ისევე, როგორც პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება.
2015 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზემოთ აღნიშნული ფაქტების გამოძიების წინადადებით მთავარ პროკურორს მიმართა. 31 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. გამოძიების პროცესში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები. თუმცა, როგორც პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს აცნობა, გამოძიების პროცესში არ დაკითხულან საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტება პაციენტთა დაუკითხაობის თაობაზე დასაბუთებული არ არის და ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების ეფექტიანობას. უფრო მეტიც, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წერილში იკვეთება ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება, თითქოს მათ არ შეეძლოთ საგამოძიებო ორგანოსათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ცენტრში შესვლისთანავე შეიმჩნეოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ უხეში, აგრესიული დამოკიდებულება, რაც გამოიხატებოდა მიმართვის არაკორექტულ ფორმაში. პაციენტები ინტერვიუირების პროცესში იხსენებდნენ ცინიკური დამოკიდებულების შემთხვევებს ექთანის თანაშემწეების მხრიდან.
ერთ-ერთი პაციენტის თქმით კი, ფსიქოლოგიურ ძალადობასთან ერთად აღინიშნება ფიზიკური ძალადობაც, რაც უმეტესად გამოიხატება თავზე წამორტყმაში. რამდენიმე პაციენტმა გაიხსენა შემთხვევა, როცა სანიტარმა გასაღებების ასხმა პაციენტს თავში ჩაარტყა. გარდა ამისა, მათივე თქმით, ხშირია პაციენტების პროვოცირება, შემდგომში მათი დასჯის მიზნით. პაციენტთა თქმით, ნებისმიერ საკითხზე პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში მათ ქიმიური (ინექცია) და ფიზიკური შეზღუდვით ემუქრებიან.
რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო (ხელვაჩაური)
პაციენტების ინტერვიუირების შედეგად ირკვევა, რომ დასაშინებლად „გისოსებიან პალატაში გადაჰყავთ ადამიანები და კეტავენ“. ერთ-ერთმა პაციენტმა მონიტორინგის ჯგუფს უთხრა, რომ „დერეფანში დაიჭირეს სანიტრებმა და ნემსი გაუკეთეს”, რა დროსაც შემოეხა ტანსაცმელი. ეს ფაქტი დაადასტურა მის პალატაში მყოფმა სხვა პაციენტმაც.
„უნიმედი კახეთის“ ფსიქიატრიული განყოფილება
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, აღნიშნულ განყოფილებაში ერთ-ერთმა პაციენტმა განაცხადა, რომ პერსონალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამის შემდეგ ფიზიკურად შეზღუდეს და ინექციაც გაუკეთეს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ქუტირი)
აღნიშნულ ცენტრში პაციენტთა მოპყრობის კუთხით, განსხვავებული ვითარებაა ცენტრის სხვადასხვა განყოფილებაში. ზოგიერთ განყოფილებაში პაციენტები პერსონალის მხრიდან ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე არ მიუთითებენ, აცხადებენ, რომ მოპყრობა გაუმჯობესებულია. ზოგ განყოფილებაში კი პაციენტები აცხადებენ, რომ პერსონალი მათ უხეშად ეპყრობა, უყვირის და ფიზიკური ძალადობით ემუქრება. ანგარიშში ვკითხულობთ პაციენტთა მონათხრობს,- „გვაფიქსირებენ დერეფანში, სადაც დაცვის ბიჭები გვიყურებენ“, „ნემსსაც ექთანი იქვე გვიკეთებს, სანიტარი საბანს გვაფარებს ხოლმე“.
ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო
მონიტორინგის ჯგუფის წევრებისთვის, თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში თითქმის ყველა ბენეფიციარს თმა ძალიან მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. დაწესებულების პერსონალის განმარტებით, თმის მოკლედ შეჭრა ხდება დატილიანების თავიდან ასაცილებლად. ბენეფიციარებთან ინტერვიუს შედეგად გამოიკვეთა პრაქტიკა, როდესაც წინასწარ არ ხდება ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რა პრევენციული ღონისძიებისთვის არის აუცილებელი თმის დამოკლება და მათგან ამ პროცედურაზე თანხმობის მიღება.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ზოგჯერ თმის შეჭრა ხდება არანებაყოფლობით, ძალადობრივად, რაც ღირსების შემლახავია ბენეფიციარებისთვის და მათ მიერ ფასდება, როგორც ძალადობა და უხეში მოპყრობა. ანალოგიური ინფორმაცია მონიტორინგის ჯგუფს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ქუტირი) მოთავსებულმა რამდენიმე ქალმა პაციენტმაც მიაწოდა.
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში როგორც უშუალოდ პერსონალის მიერ, ასევე პერსონალის წაქეზებით პაციენტთა მიმართ ფიზიკური ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს კი მიმართავს, რომ უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის რეგულარული სწავლება ადამიანის უფლებების დაცვის, აჟიტირებული პაცენტის მართვის, არაძალისმიერი დეესკალაციისა და ფიზიკური შეზღუდვის ზომების გამოყენების საკითხებში.
სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ფსიქიატრიული დაწესებულებების დირექტორებმა ფხიზელი მეთვალყურეობა უნდა აწარმოონ საკუთარი პერსონალის, განსაკუთრებით ექთანის თანაშემწეების, ქცევაზე და რეგულარულად შეახსენონ მათ, რომ პაციენტთა მიმართ ნებისმიერი ფორმის არასათანადო მოპყრობა მიუღებელია და მკაცრად დაისჯება. ასეთი მოპყრობის აღმოჩენის შემთხვევაში კი მოახდინონ ადეკვატური რეაგირება, მათ შორის შეატყობინონ საგამოძიებო ორგანოს.