თეატრი, რომელიც 1872 წლიდან მოღვაწეობს, კანადაში „ლივერპულის საერთაშორისო ფესტივალს“ აქამდეც სწვევია და გამარჯვებულის ტიტულითაც დაბრუნებულა. ამჯერად სიღნაღის თეატრი სამი პრიზით და 6-ით ნაკლები მსახიობით დაბრუნდა. როგორც თეატრის რეჟისორი მურად ვაშაკიძე „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, მსახიობების ვიზა ძალაშია 15 ნოემბრამდე და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ისინი ვადით გათვალისწინებული დროით დარჩებიან კანადაში.
„ჩვენ გავწყვიტეთ ურთიერთობა ამ მსახიობებთან და დიდი ალბათობით არც მათი ჩამოსვლის შემდეგ აღვადგენთ მას“, - განაცხადა რეჟისორმა.
„ლივერპულის საერთაშორისო ფესტივალის“ 18-22 მაისის ფარგლებში სიღნაღის თეატრალური დასი კანადაში იმყოფებოდა, სადაც სამ ნომინაციაში გაიმარჯვა: „საუკეთესო უცხოური სპექტაკლი“ „მაყურებლის რჩეული სპექტაკლი“ და „ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი“, რომელიც სიღნაღის დასის მსახიობი ნანა ბუკია გახდა. მათ „მოხეტიალე დასი" დადგეს.
თეატრის რეჟისორი მურად ვაშაკიძე ბედნიერია დასის წარმატებით, თუმცა, როგორც თვითონ უწოდებს, კოლეგების „სამარცხვინო საქციელი“ სიღნაღის თეატრს სახელს უტეხს.
1988 წელს ორგანიზაციამ „ბიზნესის განვითარებისათვის“ ახალგაზრდა ქალი ბერნადეტ ჯორდანი დაიქირავა კონკრეტული დაავალებით: ხელი შეეწყო ტურიზმის განვითარებისათვის ლივერპულში. სწორედ, მისი თაოსნობით დაედო დასაბამი ინტერნაციონალურ ფესტივალს, რომელშიც მრავალი ქვეყანა მონაწილეობს, ევროპიდან და ამერიკიდან.