„გადაცემების ფინანსური, სარედაქციო პოლიტიკის მართვა არის ცალსახად საზოგადოების (იგულისხმება: შპს სტუდია მაესტრო) იმპერატიული უფლება" – ეს ფრაზა მოხვდა "ბიზნესკონტაქტის","'საქმიანი დილის" და "ბიზნესკონტაქტის ანალიტიკის" ავტორისა და მენეჯერის გიორგი ისაკაძის ცალმხრივად გათავისუფლების ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერს შპს "სტუდია მაესტროს" გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური.
„ბიზნესკონტაქტის", "საქმიანი დილის" და "ბიზნესკონტაქტის ანალიტიკა" მთავარი მონაპოვარი ყოველთვის იყო მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომელშიც ამ დრომდე არავინ ჩარეულა. შესაბამისად, გიორგი ისაკაძის გათავისუფლების ბრძანებაში ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა გადაცემების გუნდს გვიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მომავალში, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა შეიზღუდება.
ამ ეჭვს გვიძლიერებს ორი მომენტი: პირველი – მაესტროს მენეჯმენტმა გიორგი ისაკაძის ცალმხრივად გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ გენერალურმა დირექტორმა გუნდის პოზიცია წერილობითი ფორმით წინასწარ იცოდა. მეორე – გუნდის გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე ზურაბ ნაყეურმა ახალი სეზონიდან გადაცემების ფორმატის ცვლილება დააანონსა.
„მაესტროზე“ თითქმის ორწელიწადნახევრის განმავლობაში, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი ჩვენთვის იყო სწორედ ამ გადაცემების ავტორი გიორგი ისაკაძე. ამდენად, გუნდის პოზიცია ცალსახაა: თუ გიორგი ისაკაძესთან შპს სტუდია მაესტრო არ აღადგენს საქმიან ურთიერთობას, ჩვენ ვუტოვებთ არხის მენეჯმენტს უფლებას, იხელმძღვანელონ შრომითი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით.