დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გაეროს ბავშვთა ფონდმა პოლიტიკურ პარტიებს, წინასაარჩევნო დისკუსიებსა და კამპანიებში ბავშვთა საკითხების გათვალისწინებისაკენ მოუწოდა. ფონდის წარმომადგენლის, საშა გრაუმანის თქმით, ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკური პროგრამა და საარჩევნო კამპანია არასრულყოფილი იქნება, თუკი არ მოიცავს ბავშვებთან დაკავშირებით ისეთ მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა,- ბავშვთა სიღარიბე, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, კვების დეფიციტის აღმოფხვრა, ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა, დიდი ზომის ბავშვთა სახლებსა და არარეგულირებულ ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვა. მისი თქმით, ბავშვთა პრობლემებისა და მათი მოგვარების გზებზე დებატები ხელს შეუწყობს საკითხების გააქტიურებას და ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ ქმედებებს.
„მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის დონე, ყოველი მეოთხე ბავშვი ჯერ კიდევ ცხოვრობს ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ თანხაზე, დღეში მოიხმარს ხუთ ლარზე ნაკლებს. საქართველოში კვლავ არ არის ეფექტიანი და ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ოჯახებს დაეხმარება, გაუმკლავდნენ არსებულ პრობლემებს და სათანადოდ იზრუნონ შვილებზე",- აღნიშნა გრაუმანმა.
მისი შეფასებით, მიუხედავად ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯებისა, კვლავ რჩება ხარვეზები.
საშა გრაუმანმა ყურადღება გაამახვილა ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონპროექტის მნიშვნელობაზე, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს. მისი თქმით, კანონპროექტში იუნისეფის რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია, თუმცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კვლავ რჩება ის, რომ ქვეყანაში ადრეული სწავლების სფეროში მომუშავე ძალა სათანადოდ კვალიფიციური ან მოტივირებული არ არის, ბავშვის ყოველმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად.
გრაუმანი განათლების სამინისტროს როლზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ სამინისტროს მხრიდან აღმზრდელთა მომზადებაზე პასუხისმგებლობის აღება, მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორი იქნებოდა კანონპროექტისათვის, თუმცა ასე არ მოხდა.
„ჩვენ გაგვიკვირდა, რომ სამინისტროს არ სურს ასეთი ძლიერი როლის შესრულება, თუნდაც იმიტომ, რომ ორიოდე წლის წინ პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, მთავრობა ამ პასუხისმგებლობას აიღებდა და განათლების სამინისტრო იქნებოდა პასუხისმგებელი აღმზრდელების მომზადებაზე. უდავოდ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის მიღება თუნდაც იმ სახით, როგორიც არის. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მთავრობასთან მუშაობას აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით", - თქვა გრაუმანმა.